რეზონანსი
14.07.2023

კლინიკა „ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ უცხოელმა მედიკოსებმა მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ინსტრუმენტული, თუ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება მოითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, პოლონელი ექიმების მიერ ერთადერთ პროცედურაზე გაიცა რეკომენდაცია, რომელიც კლინიკა „ვივამედის" ექიმებმა პაციენტს ადრე თავადაც შესთავაზეს, მაგრამ მაშინ მან ამ კვლევის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

„გუშინწინ ჩვენ შევხდით პოლონელ კოლეგებს, რომლებიც ვიზიტით ჩვენთან კლინიკაში იმყოფებოდნენ. შეხვედრა ძალიან საგნობრივი იყო, ძალიან კოლეგიალური შეხვედრა შედგა. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის ჯანმრთელობის საკითხები, ისინი ავადმყოფობის ისტორიას გაეცნენ, ყველა კვლევა ნახეს, ასევე სრულად გაეცნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების შედეგებს დაეთანხმნენ. პოლონელი ექიმების მიერ რეკომენდებული იყო ერთადერთი პროცედურა, რომელიც ჩვენ ადრე პაციენტისთვის შეთავაზებული გვქონდა და პაციენტმა მაშინ ამ კვლევის ჩატარებაზე უარი განაცხადა. სხვა ინფორმაცია, რომ ახალი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევები დაინიშნა, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. ჩალაძის ფანტაზიები ძალიან შორს მიდის და არ ვიცი, ვინ სწვდება მის ფანტაზიებს და საერთოდ ეს აზრები საიდან მოაქვს, მსგავსი საერთოდ არაფერი ყოფილა. ჩალაძეზე საუბარი ჩემგან ცოტა უხერხულია. ეს ადამიანი თავის დამკვიდრებას ცდილობს ეტყობა, ყველა ღონეს და ხერხს ხმარობს საამისოდ. გაკეთებული რაიმე საქმე ჩალაძის თქვენ გინახავთ?!

რაც შეეხება მედიკოსებს, ესენი არიან საკმაოდ აღიარებული სპეციალისტები თავიანთ ქვეყნებში. ერთი იყო ნეიროქირურგი და მეორე შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, რომელსაც, ასევე, ტოქსიკოლოგის სერტიფიკატი აქვს. სხვა სპეციალისტი არ ყოფილან და სხვა სპეციალისტის მიერ პაციენტი ნანახი არ ყოფილა", - განაცხადა ჩხაიძემ.

ასევე, ჩხაიძე გიული ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს წონაში ერთი კილო აქვს მომატებული, რაზეც ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ის გიული ალასანიას წონის მატების კომპონენტში დაეთანხმება, მაგრამ არა წონის მატების რაოდენობაში.

„შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტი უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. როდესაც პაციენტი ჩვენს რეკომენდაციას ითვალისწინებს, შეიძლება არასრულად, ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო უკეთესად, ეს მხოლოდ სასიხარულოა ჩვენთვის. პაციენტმა კვების კომპონენტი გააუმჯობესა ანუ რაოდენობრივად უფრო მეტს იკვებება. ეს ძალიან კარგია, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს კომპონენტი უფრო გაუმჯობესდეს და ჩვენი შეთავაზებული მენიუ გათვალისწინებული იქნეს, თუმცა ეს ჯერჯერობით სრულად არ ხერხდება. შესაბამისად, წონაში მატება არის. თუ ერთი კილო თქვა გიული ალასანიამ, მე დავეთანხმები გიულის იმ კომპონენტში, რომ წონის მატება არის, მაგრამ რაოდენობაში ვერ დავეთანხმები, მას მეტი აქვს მომატებული", - განაცხადა ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×