რეზონანსი
27.07.2023

გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების შესახებ Bloomberg-ის ყოველწლიური კვლევის მიხედვით, საქართველო გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო ადგილი და ინვესტიციების თვალსაზრისით მე-13 ადგილს იკავებს მსხვილ გლობალურ ეკონომიკებს, მათ შორის აშშ-ს, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს, შორის, - ამის შესახებ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული.

„მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორების 70%-ი ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს, 55%-ს", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის, ძირითადი საინვესტიციო სფეროები მოიცავს ახალ ბაზრებზე გაფართოებას, ადგილობრივი მიწოდების ქსელების და ბიზნესის მხარდაჭერის სერვისების განვითარებას და ახალი კომერციული ობიექტების და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქცევს მას კარიბჭედ ინვესტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ უზრუნველყონ მიწოდების ჯაჭვები ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს მთავრობა ასტიმულირებს IT და ბიზნეს სერვისების კომპანიებს ინვესტიციებისთვის ფულადი სახსრების დაბრუნების პოლიტიკით. IT კომპანიებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის" საგადასახადო კოდით, რომელიც 5%-მდე ამცირებს პირადი საშემოსავლო გადასახადის და მოგების გადასახადის განაკვეთებს ექსპორტიორებისთვის", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის. კანონმდებლობა ადგენს ხელსაყრელ პირობებს, მაგრამ არა შეღავათიან რეჟიმს უცხოური ინვესტიციებისთვის. „კანონი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიის შესახებ იცავს უცხოელ ინვესტორებს შემდგომი კანონმდებლობისგან, რომელიც ცვლის მათი ინვესტიციების პირობებს ათი წლის ვადით", - აღნიშნულია ანგარიშში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×