რეზონანსი
17.08.2023

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა უკრაინაში ომის საკითხის გადასაჭრელად. ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სარკოზიმ აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა "დააზუსტოს თავისი სტრატეგია" და კომპრომისი მოძებნოს რუსეთთან.

"კომპრომისების გარეშე არაფერი იქნება შესაძლებელი და იმის რისკია, რომ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუარესდეს. ამას საშინელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს", - აღნიშნა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

სარკოზიმ დაგმო უკრაინაში შეჭრის თაობაზე ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი "ევროპის მეზობელია" და საერთო ისტორიაში გაუგებრობების მიუხედავად, "ჩვენ გვჭირდება ისინი და მათ ვჭირდებით ჩვენ".

სარკოზიმ ასევე უარყო უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და აღნიშნა, რომ "ჩვენ ცრუ დაპირებებს ვყიდით, რომელიც არ შესრულდება".

"უკრაინა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელია. უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მისი მოწოდებაა, იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის. უკრაინას სთხოვო, არჩევანი გააკეთოს ამ ორ ერთეულს შორის, მეჩვენება, რომ ეს ეწინააღმდეგება ამ რთული რეგიონის ისტორიასა და გეოგრაფიას. არ მესმის, ეს ნეიტრალიტეტი შეურაცხყოფა როგორ იქნება. ის ასევე შეიძლება იყოს გარანტირებული საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების უკიდურესად ძლიერ გარანტიებს, რათა დაიცვას იგი ახალი აგრესიის რისკისგან.

2014 წელს ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო. რაც შეეხება ამ ტერიტორიას [ყირიმს], რომელიც 1954 წლამდე რუსეთის იყო და სადაც მოსახლეობის უმრავლესობა თავს ყოველთვის რუსად გრძნობდა, მე ვფიქრობ, რომ სიტუაციის შემოტრიალება ილუზორულია. მაშინაც კი, თუ მივიჩნევ, რომ უდავო რეფერენდუმი, ანუ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი კონტროლის ქვეშ ორგანიზებული, აუცილებელი იქნება არსებული მდგომარეობის რატიფიცირებისთვის", - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×