რეზონანსი
28.08.2023

„თუ სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას თვითონ არ აწარმოებს, 1 დ 2 პროექტით ამ პრობლემის დაძლევა და გადაჭრა და ცნობიერების ამაღლება თავისთავად ცხადია, რომ ვერ მოხდება", - ამის შესახებ „გრინლაით კონსალტინგის" დამფუძნებელმა დავით მესხიშვილმა მოძრაობის წესების დარღვევების და ჯარიმების გაზრდილი მაჩვენებლის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში მუდმივად და უწყვეტად მიმდინარეობს საგზაო უსაფრთხოების კამპანიები.

„საგზაო უსაფრთხოების მართვაში ერთ-ერთ მთავარი საინფორმაციო კამპანიების ჩატარება უნდა იყოს. რამდენიმე თვის წინ ჩატარდა ასეთი კამპანია. არ იყო ეს ძლიერი. ისიც ევროკავშირის მხარდაჭერილი იყო, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. თუმცა, თუ სახელმწიფო თვითონ არ აწარმოებს საგზაო უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას, 1 დ 2 პროექტით ამ პრობლემის დაძლევა და გადაჭრა და ცნობიერების ამაღლება თავისთავად ცხადია, რომ ვერ მოხდება", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მისი თქმის, წინა წლებთან შედარებით, ჯარიმების რაოდენობის ზრდა ჭკვიანი კამერებისა და სექციური რადარების ხარჯზე იყო მოსალოდნელი და არა საპატრულო პოლიციის ფიზიკური რესურსის ხარჯზე. ამას გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია, ავტო-მოტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდაც.

„ჯარიმების რაოდენობის ზრდას ვუკავშირებ იმას, რომ მოცვა კამერებით ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ეს იყო წინა წლებში. ე.წ. ჭკვიანი კამერები, სექციური რადარები არის ის ბერკეტი, რის ხარჯზეც გაიზარდა ადმინისტრაციული სანქციების რაოდენობა და არა საპატრულო პოლიციის ფიზიკური რესურსის ხარჯზე. ეს მოსალოდნელი იყო ჩემთვის. ამასობაში, წინა წლებთან შედარებით ავტომობილების რაოდენობაც გაიზარდა და დღეს რეგისტრირებული ავტო-მოტოტრანსპორტი 1 650 000-ს აჭარებს", - აცხადებს დავით მესხიშვილი.

მისი თქმით, საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭიროა კანონთან თანაბარი იყო უცხო და აქაურ სანომრე ნიშნიან მანქანა და ფინანსურად შეჭირვებული და შეძლებული მძღოლი და კანონის აღსრულება შერჩევით არ ხდებოდეს.

„ჩვენ ინფორმაციით, ვერ ხერხდება უცხო სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების დაჯარიმება და კანონი შერჩევითია. თბილისში გამოსწორდა ეს პრობლემა და პარკირებასთან მიმართებაში სატრანსპორტო კომპანია ერთნაირად რეაგირებს უცხო და საქართველოს სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებზე, მაგრამ ეს არ ხდება მაგისტრალებსა და გზებზე. მაგალითად, ტრაილერები არღვევენ მოძრაობის წესებს და მათზე რეაგირება არ არის.

ამას გარდა, სიჩქარის გადაჭარბებისას, კამერების საშუალებით, ქულები არ აკლდება არავის მართვის მოწმობაზე. ამიტომ, ვისაც აქვს ფული, მაგისტრალზე შეუძლია სიჩქარის გადაჭარბებით, 160-ით იმოძრაოს და ფული იხადოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთი და იგივე ავტომობილი იხდიდეს 3 და 4-ჯერ ჯარიმას. იმას, ვისაც ფული აქვს, შეუძლია დაარღვიოს და არ აკლდება ქულა იმიტომ, რომ კამერა ვერ აიდენტიფიცირებს ვინ არის საჭესთან. ეს სერიოზული პრობლემაა," - აცხადებს დავით მესხიშვილი.

წყარო: კომერსანტი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×