რეზონანსი
15.09.2023

როგორც „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ განაცხადა, წარმოუდგენელია, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონოდა ჩვენს სპეცსამსახურს - ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სისტემები განეიტრალებულია, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფარცხალაძის ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებას, „რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე") მუშაობდა".

ანდრო გოცირიძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ქართულ სპეცსამსახურებს უკვე მეორე „კატასტროფა" სჭირს, რადგან ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სუს-იდან არქივები გამოიტანა.

„ძალიან უსიამოვნო ფაქტია სახელმწიფოს გადასახედიდან. ამას კრახიც არ ჰქვია, ასეთი კატასტროფა, ქართულ სპეცსამსახურს ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორე სჭირს. პირველი იყო გოგაშვილთან დაკავშირებით, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირმა არქივები გამოიტანა და პირადი ვაჭრობის თემად გამოიყენა. ეს ძალიან მძიმე რამ არის თვითონ სპეცსამსახურისთვის. მეორეა ახლა ეს შემთხვევა, როდესაც სანქცირების დოკუმენტში პირდაპირ კურატორიც არის მითითებული და ეს არ არის ღია წყაროებზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზი, თუმცა არც ღია წყაროებში გასული მასალებია ნაკლებად სარწმუნო, როგორც ეს მოსამართლეების შემთხვევაში იქნა წარმოდგენილი.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ორივე პირი, გოგაშვილი და ფარცხალაძე, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მივიდნენ პოლიტიკური ნიშნით, არცერთს არ ჰქონდა შესაბამისი ბექგრაუნდი. ფინანსურ პოლიციაში დაბალი რანგის ოპერთანამშრომლად მუშაობა არ ნიშნავს ქვეყნის გენერალური პროკურორის შესაბამის ცოდნას, რომელიც ერთის მხრივ ახორციელებს ზედამხედველობას მთელს საგამოძიებო, წარმოადგენს საქართველოს იურიდიულ სისტემას მთელს მსოფლიოში და ამას გარდა, გავრცელებულია მოსაზრება, რომ მას ჰქონდა გარკვეული ჩრდილოვანი გავლენები ბიზნესზე, სახელმწიფო სტრუქტურებზე, საკადრო პოლიტიკაზე და ა.შ. ახლა აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა აგენტურული ქსელით დაკავშირებული რუსულ ოპეცსამსახურებთან, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სისტემები განეიტრალებულია", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

აშშ-მ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ("ეფესბე") მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×