რეზონანსი
18.09.2023

ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად მოლაპარაკებები შედგა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის ჟოზეფ ბორელთან, ასვე ევროკომისიის სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე შეჯერდნენ უმრავლესობის სხდომაზე.

„გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტშია ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის, როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ისევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტის წევრებისგან, თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×