რეზონანსი
19.09.2023

როგორც პარტია "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" განაცხადა, ღარიბაშვილი სამშობლოს ღალატში ძალიან ბევრ ფულს აკეთებს, ისევე, როგორც კახი კალაძე

მისი შეფასებით, დღეს საქართველოს რუსული რეჟიმი მართავს.

„არ არის კალაძე სასარგებლო იდიოტი, უბრალოდ, ფული უყვარს და ძალიან ბევრ ფულს შოულობს სამშობლოს ღალატში. ვიღაცებში ნაკლებ ფულს დებენ. ეს არის მთლიანად გარყვნილი, კორუმპირებული რუსული სისტემა, ამიტომ არც უნდა ვისაუბროთ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებაზე იმიტომ, რომ ეს არ არის საქართველოს ხელისუფლება, ეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი", - განაცხადა სამადაშვილმა.

მან აშშ-ის მხრიდან საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის განგაშის ზარი უნდა იყოს.

„მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება რუსეთს ემსახურება. რეალურად, რუსეთის სამსახურში დგანან და ეს რუსეთ-უკრაინის ომში ნათლად გამოჩნდა. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც სწორედ რუსეთის დავალებით ქმნის ინფრასტრუქტურას ჩვენს ქვეყანაში, რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდებისთვის", - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, "ოთარ ფარცხალაძე არის მინი ოლიგარქი".

„ბიძინა ივანიშვილი არ ჩანს, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ პროცესებზე არ მოქმედებს? ფარცხალაძე არის მინი ოლიგარქი. ივანიშვილის მასშტაბის არა, მაგრამ მის სისტემაში ერთ-ერთი ჭანჭიკია. როგორც აღმოჩნდა, არცთუ უმნიშვნელო ჭანჭიკი რუსულ სისტემაში, რომელიც ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანაში შექმნა", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, „ოთარ ფარცხალაძე ფაქტობრივად ჯაშუშია".

„ამას ჰქვია გავლენის აგენტი. საუბარი იმაზე, რომ მტკიცებულება წარმოგვიდგინონ, ცოტა უცნაურია იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" უკვე საკუთარი ტყუილების ლაბირინთში არის დაკარგული. ეს ხალხი გვიმტკიცებს, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს აშშ-თან, რაც ცხადია, ტყუილია. ღარიბაშვილი არის ახლა ჩასული ნიუ-იორკში, სადაც არის შეკრებილი მთელი პოლიტიკური ელიტა, მათ შორის აშშ-ს პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ვინ შეხვდა ღარიბაშვილს? აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, დონეზეც კი არ შეხვდნენ. ეს არის პირაპირ იმის თქმა, რომ არ გვაინტერესებს შენი პერსონა. ამის პარალელურად, გვეუბნებიან, რომ აშშ-თან აქვთ არაჩვეულებრივი სტრატეგიული ურთიერთობები", - განაცხადა სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×