რეზონანსი
27.09.2023

საქართველოში სანქციების შეერთება ნიშნავს, საკუთარი მოსახლეობის პრაქტიკულად სანქცირების ქვეშ ყოფნას, ეკონომიკა უნდა დაინგრეს, სოციალურად დაუცველთა პრობლემები კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს, ხელფასები, ვალუტის კურსი, მშენებლობები გაუარესდეს და შემდეგ ყალიბდება საერთო სარგებელი, რაც დესტრუქციულ ოპოზიციას და ე.წ. ომის პარტიას აქვს, რომ საზოგადოება ამ ფონზე, თანდათან მომზადდება როგორც რევოლუციის შემქმნელი და მოიშორებს იმ ხელისუფლებას, რომელიც გარე დაკვეთებს არ იღებს და პრაქტიკულად მიღწეული იქნება მიზანი, რომ დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებს იოლად ასრულებს, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი" ისაუბრა.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, 31 ოქტომბერს ევროკომისიის გადაწყვეტილებით გამოჩნდება, საქართველოს აპატიებენ, თუ არა იმ დიდი სცენარში მონაწილეობაზე უარის თქმას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გლობალური ომის პარტიას ჰქონდა მომზადებული.

„პრეზიდენტის ეს ვოიაჟები, კერძო ვიზიტები, მისი ქმედებები, კონსტიტუციისადმი დამოკიდებულება, კანონის აღსრულება მისი მხრიდან როგორ ხდება ამას არ ჭირდება პოლიტიკოსობა. ახლა, ჩვენ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ თითოეულმა მოქალაქემ გარკვეული ინფორმაცია მიიღოს და თავისი შეხედულება ჰქონდეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მის ქვეყანაში ხდება, ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირ მასაც ეხება.

პირველ რიგში, კონსტიტუციის გარანტორი უნდა იყოს თვითონ პრეზიდენტი. ამ დროს ის თვითონ არღვევს კონსტიტუციას. კანონის აღსრულების ნაწილში პრეზიდენტმა კანონი დაარღვია - იმდენად შეუთავსებელია ეს სიტყვათა წყობა, მაგრამ თემატურად რომ მივყვეთ - შექმნეს ფარცხალაძე, რომელიც თვე-ნახევარი იყო თანამდებობაზე (რა თქმა უნდა, მაშინ ეს შეცდომა იყო); თქვეს, რომ თითქოს ფარცხალაძეს აქვს საზოგადოებაზე გავლენა. ამ ბოლო დღეებში რომ არ აეწიათ ფარცხალაძის თემა, კაცი ვერ გაიგებდა ვინ იყო ფარცხალაძე.

მე პირადად, გულწრფელად ვამბობ, არც მინახავს ის (ან სად უნდა მენახა, როცა თვე-ნახევარი იყო თანამდებობაზე). ვთქვათ, ფარცხალაძე ნეგატიური პიროვნებაა, დისკრედიტირებულია, ვიღაცამ გააჟღერა, აგენტიაო (დაასაბუთა, თუ არ დაასაბუთა, ხომ გაიჟღერა). თუკი ასეთია, ოჯახაშენებულო, გეუბნებიან რომ შეუწყვიტე მოქალაქეობა, რატომ არ უწყვეტს იცით? იმიტომ, რომ თემა იყოს აწეული.

ანუ, კი არ ვსაუბრობთ დემოგრაფიულ პრობლემებზე რეალურად, რომ ყოველწლიურად 20 ათასი მოქალაქე გადის ქვეყნიდან და აკლდება ქვეყანას - არა, უნდა ვთქვათ, რომ 100 ათასია. ის რომ თითქოს ამერიკელები ბაზებს აშენებდნენ და მთავრობამ უარი თქვა აშენებაზე, შემდეგ თვითონ ამერიკელები გამოვიდნენ და თავად თქვეს, არავითარი შეთავაზება ბაზების აშენებაზე არ ყოფილაო, მაგრამ ეს ტყუილი ხომ უნდა გასაღდეს. რატომ საღდება? მოსახლეობის ემოცია უნდათ პიკში აიყვანონ, რომ მოსახლეობა ყველაფერზე გაბრაზდეს. კარგი საქმე რომ კეთდება, მასზეც უნდა გაბრაზდნენ. თუ საბავშვო შენდება, ოპოზიცია მოაყოლებს ინფორმაციას, რომ აი ტენდერში ვიღაცამ ფული მოიპარა.

შესაძლოა, ასეთიც იყოს, მაგრამ ყველა საბავშვო ბაღში, ყველა ტენდერში როგორ იპარავენ ფულს? მაშინ ეს ქვეყანა როგორ შენდება? ხომ ყველა ვხედავთ, შეიძლება, სადღაც ცუდად შენდება, სადღაც კორუფციასაც აქვს ადგილი, მაგრამ ქვეყანა ხომ თვალსა და ხელშუა იცვლება, მაგრამ ოპოზიციისთვის მაინც არაფერი არ ვარგა.

პრეზიდენტი წავიდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, კონსტიტუცია დაარღვია თუ არ დაარღვია, გაუშვეს თუ არ გაუშვეს, ჩავიდა იმიტომ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაში პოზიტიური როლი შეეტანა და იქიდან რა მესიჯი მივიღეთ? - შეუერთდით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი უნდა დავანგრიოთ საქართველოდან. გახსოვთ ალბათ, ხომ სამტრედია გადავკეტეთ, რომ რუსეთი უნდა დაგვენგრია და შემოვენგრიეთ ზედ ჩვენ თვითონ.

საქართველოში სანქციების შეერთება ნიშნავს, საკუთარი მოსახლეობის პრაქტიკულად სანქცირების ქვეშ ყოფნას, ეკონომიკა უნდა დაინგრეს, სოციალურად დაუცველთა პრობლემები კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს, ხელფასები, ვალუტის კურსი, მშენებლობები გაუარესდეს და შემდეგ ყალიბდება საერთო სარგებელი, რაც დესტრუქციულ ოპოზიციას და ე.წ. ომის პარტიას აქვს, რომ საზოგადოება ამ ფონზე, თანდათან მომზადდება როგორც რევოლუციის შემქმნელი და მოიშორებს იმ ხელისუფლებას, რომელიც გარე დაკვეთებს არ იღებს და პრაქტიკულად მიღწეული იქნება მიზანი, რომ დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებს იოლად ასრულებს.

მაგრამ საზოგადოება არის პოლიტიკურად კარგად გაზრდილი და დახვეწილი. ჩვენ ძალიან ბევრი ძალისხმევის გაწევა დაგვჭირდა, რომ პოლიტიკური კულისები გაგვეხსნა, საკუთარი დაფუძნებული პარტიაც კი დავტოვეთ, რომ ხალხისთვის მეტი გვეთქვა. ჩვენ ღირებულებითი სხვაობა კი არ გვაქვს „ქართულ ოცნებასთან", უბრალოდ მაშინ ჩავთვალეთ, რომ მეტი იყო საჭირო გვეთქვა საზოგადოებისთვის, არათუ ვფიქრობდით ასე, რეალურად ასე აღმოჩნდა. ხალხს აინტერესებდა, რა ხდებოდა კულისებში.

ჯერ კულისებში მიდიოდა საუბარი, თურმე სანქციებს უნდა შევუერთდეთ, თვითმფრინავებით უნდა გაგვეგზავნა ქართველი მეომრები. შემდეგ ღიად დაიწყო ამაზე საუბარი, უკრაინიდან იყო შემოთავაზება, რომ ქართველი დედები და ბავშვები მსხვერპლად შეშველებოდნენ, ქართველი მეომრები აქ დაბრუნდებოდნენ და ხელისუფლებას ჩამოშლიდნენ. ახლა კიდევ გუბაზ სანიკიძეც შეეშველა, დროა აფხაზეთში შევიდეთო. ეს ხომ მისგან არ გვესმის მხოლოდ, ეს ხომ გავიგეთ ჩვენი პარტნიორი ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, ხომ გვახსოვს ქუჩის პროტესტი რომ შექმნეს სახელად - ევროპა გინდა, არ გინდა და შემდეგ ტრიბუნაზე დავინახეთ თურმე, რაც სურდათ რეალურად - არა იმის გაგება და ქართული საზოგადოების ემოციის ხმამაღლა გაჟღერება, რომ მათ ევროპა სურთ.

ეს ხომ არაა საკითხავი? საზოგადოების უდიდეს ნაწილს და პოლიტიკურ ჯგუფსაც ევროპა სურს, სწორედ ამიტომ მუშაობენ. 12 პუნქტიდან რამდენი შესრულდა? კანდიდატის სტატუსის მიღება ხომ პოლიტიკური გადაწყვეტილების თემა იქნება.

ჩვენ ველოდებით 31-ში ევროკომისიის გადაწყვეტილებას. მოდით ვიყოთ რეალისტები - რაც მმართველმა გუნდა იმუშავა, ამაზე არ იქნება დაფუძნებული გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ 31-ში მოვისმენთ. ეს იქნება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. გამოჩნდება, საქართველოს იმ დიდი სცენარში, რა ფორმით მონაწილეობაზეც თქვა უარი, აპატიებენ თუ არ აპატიებენ", - განაცხადა ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×