რეზონანსი
04.10.2023

როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ეს ნიშნავს იმას, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა განახლდა.

„რაც შეეხება მიზანს, იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თქვენ ალბათ გახსოვთ, ჩვენ 2022 წელს გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, მან 2022 წლის თუ არ ვცდები, აპრილში მიმართა საქართველოს მთავრობას, მოთხოვნით, რომ მიეღო თანხმობა ვიზიტებზე, მთავრობისგან მას ეთქვა უარი და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა შესაბამისი ვიზიტები. მაშინ არ მიგვიღია პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ეტაპზე ეს პრაქტიკა მან შეცვალა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის აღარ არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, გადიოდა შესაბამის კონსულტაციებს და მოგვიანებით მას თანხმობაც მიეცა გარკვეულ ვიზიტებზე. პოლიტიკური გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ეს ნიშნავს იმას, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. იმპიჩმენტის აღძვრის მიზანი, თუნდაც არ გვქონდეს შესაბამისი რესურსი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას", - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, გუშინ დაიწყო და 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

პროცესს არც ამჯერად ესწრება თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

დღევანდელ სხდომას გუშინდელის მსგავსად ესწრებიან საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები - პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს მსჯელობის საგანია დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×