რეზონანსი
24.10.2023

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადება არის სამარცხვინო - არავინ ელოდა ასეთ განცხადებას, არავის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი თავდასხმას გაამართლებდა, - ასე შეაფასა ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომ „ჰამასის" თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. როგორც ელჩმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში" განაცხადა, მსგავსი განცხადებები არის იმის მცდელობა, რომ ტერორისტული თავდასხმები გამართლდეს. „ომის მიზანი, რომელშიც ვიბრძვით არის ძალიან მარტივი. 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო ომი და ჩვენ ვებრძვით ტერორისტულ ორგანიზაციას სახელად „ჰამასს". ომის მიზანი დასაწყისიდანვე არ შეცვლილა - აუცლიებელია იმ საფრთხის განადგურება, რასაც „ჰამასი" უქმნის ებრაელ ხალხს, უნდა დავიბრუნოთ ყველა გატაცებული ადამიანი და უნდა უზრუნველყოთ რეგიონის უსაფრთხოება, იმ ტერიტორიის უსაფრთხოება, რომელიც ისრაელს ეკუთვნის. შეიძლება მოვლენები ისე არ მიმდინარეობს, როგორც ბევრი ელოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევცვლით ომის სამიზნეს. „ჰამასმა" 1000-ზე მეტი ადამიანი მოკლა, ყველამ ნახა ეს საშინელი სურათი უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში. ვერცერთ ენაზე აღვწერ რამდენად სადისტური და ბრუტალური იყო ამ თავდასხმების ბუნება და ხასიათი. ჩვენ ვხედავთ სამარცხვინო განცხადებებს გაერო-ს მდივნისაგან. წლების განმავლობაში, როდესაც დღის წესრიგის მთავარი საკითხი სირია და „აისისი" იყო , ვერ წარმოვიდგენდი, რომ უსაფრთხოების მდივანი, გაერო-ს ნებისმიერი ოფიციალური წარმომადგენელი იტყოდა ასეთ რამეს, რომ „აისისი" არ შექმნილა ვაკუუმში და გაამართლებდა იმას, რასაც „აისისი" უკეთებდა ხალხს. ეს ფაქტი არის იმის მცდელობა, რომ გამართლდეს ტერორისტული თავდასხმები. „ჰამასი" არის ტერორისტული ორგანიზაცია და ვერ ვიტყვით, რომ ის ცდილობს ხალხის დახმარებას, ეს ისეთივე სისულელე იქნება, როგორც იმის თქმა, რომ „აისისი" ეხმარებოდა ხალხს. ამიტომ გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადება არის სამარცხვინო. არავინ ელოდა ასეთ განცხადებას, არავის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ გაეროს გენერალური მდივანი გაამართლებდა თავდასხმას",- განაცხადა ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ. ცნობისათვის, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „ჰამასის" თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. „მნიშვნელოვანია ასევე ვაღიაროთ, რომ „ჰამასის" თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათ მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა", - განაცხადა გუტერეშმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×