რეზონანსი
24.10.2023

უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის ძლიერი ხმა საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მადლიერები ვართ, რომ ბევრი თქვენგანის სოლიდარობით, 2023 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეკორდულად დიდი რაოდენობის მხარდამჭერი ხმა მიიღო. გთხოვთ, გააგრძელოთ ეს მხარდაჭერა", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. პაპუაშვილის განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ძალადობრივი კონფლიქტები ძირს უთხრის მსოფლიო მშვიდობასა და კეთილდღეობას, რასაც დამანგრეველი შედეგები აქვს საზოგადოებებისთვის, განსაკუთრებით, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის. "ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უკეთ ვიაზრებთ მშვიდობის ფასს. ჩვენ, პარლამენტების თავმჯდომარეებს, განსაკუთრებული როლი შეგვიძლია შევასრულოთ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ღია და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, რათა ხელი შევუწყოთ მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას. დემოკრატიის სიძლიერე მისი ინსტიტუტების სიძლიერეზეა დამოკიდებული. სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის ქვაკუთხედი და ნებისმიერი წარმატებული საზოგადოების დასაყრდენია. ინსტიტუტები იცავს ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელს უწყობს მმართველობის თანმიმდევრულობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, აგრეთვე, უზრუნველყოფს პოლიტიკისა და კანონების სამართლიან და ეფექტიან აღსრულებას. აღნიშნული ინსტიტუტების გარეშე, დემოკრატია მოწყვლადი ხდება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×