რეზონანსი
25.10.2023

სამნიძე ცდილობს, გადაბარგდეს იმ ბანაკში, რომელიც ვითომდა საქართველოსთვის იბრძვის. მისი განცხადება მხოლოდ ამას ემსახურება, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

ეკა სეფაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ცდილობენ, პრეზიდენტთან ერთად შექმნან ეგრეთ წოდებული, მესამე ძალა.

„სამნიძე ცდილობს, თავის პატრონებს, რომლებსაც ის დაქირავებული ჰყავთ, როგორც აგენტი, ჯაშუში, დაანახოს თავისი სარგებლიანობა და იქნებ, მომავალ საპარლამენტო სიაში სადმე მოხვდეს, თორემ მის პარტიას რეიტინგი საერთოდ არ აქვს. გვახსოვს მისი ისტერიული ქცევა, მაგიდის გადაყირავება, წივილი და კივილი, როცა ვცდილობდით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიგვეღო. ამას მოწმობს პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ მისი ვითომდა შეცვლილი რიტორიკა. როგორც ჩანს, ახლა ცდილობენ, პრეზიდენტთან ერთად შექმნან ეგრეთ წოდებული, მესამე ძალა და ვითომ მათი ძალისხმევით მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც სრული სიცრუე და საფუძველს მოკლებულია. მათი ერთადერთი მიზანია, პოლიტიკურად დღის წესრიგში შეინარჩუნონ თავი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ყველა ასეთ რადიკალს საკადრის პასუხს გასცემს. როგორც ჩანს, მესამე ძალის შექმნას ცდილობენ პრეზიდენტთან, გახარიასთან და ასე შემდეგ, თუმცა ეს არავითარი მესამე ძალა არ არის. მესამე ძალას ვუწოდებდი ძალას, რომელსაც რეალურად აინტერესებს ქვეყნის განვითარება და მმართველ გუნდთან დაპირისპირებას შეეცდება არგუმენტებით, ფაქტებით, დასაბუთებული მოსაზრებებით და არა რადიკალიზმით, ხალხის წინააღმდეგ მოქმედებით.

სამადაშვილმა ეთერით აღიარა, თინა ბოკუჩავამ აღიარა ტელეეთერით, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი გუშინ ამბობდნენ - ეს მტკიცებულებებია. თვითონვე განაცხადეს, რომ ჩვენ ყველანაირად ვეწინააღმდეგებითო. გვახსოვს პრეზიდენტის განცხადებები, როდესაც ამბობდა, ჩვენ ფორმალურად ვასრულებთ ვალდებულებებს, არ ვიმსახურებთ სტატუსსო. ეს არის მტკიცებულებები", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×