რეზონანსი
25.10.2023

როგორც პარტია „ლელოს" საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, „ლელოს" პოზიცია, როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა არის - დიახ, საქართველოს ხალხმა უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ხალხი ამას იმსახურებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, პარტია „ლელოს" "ალდესთან" ერთად მიღებული აქვს რეზოლუციას, რომელშიც წერია, რომ "ალდე" მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას.

„ჩემი პარტია „ლელო" არის ერთ-ერთი მოწინავე პარტია, რომელიც იცავს, იცავდა და დაიცავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, მაშინ როდესაც ირაკლი კობახიძე და „რუსული ოცნება" ებრძოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ჩემი პარტია "ალდესთან" ერთად იღებდა რეზოლუციას, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ "ალდე" მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას.

"ალდეს" რეზოლუციაში, პირდაპირ წერია, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი",- განაცხადა გეგელიამ.

კითხვაზე, გამორიცხავს ალბათობას, რომ პარტია „ლელოდან" ვინმე ელაპარაკებოდა ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გადავადებასთან დაკავშირებით, გეგელია პასუხობს, რომ „ლელომ" ყველაფერი გააკეთა, იმისათვის, რომ სწორი შედეგი დამდგარიყო.

„აბსოლუტურად. მე ვარ საგარეო მდივანი. ჩემ გარეშე „ლელოს" არცერთი საგარეო გასვლა არ არსებულა. „ლელოს" პოზიცია, როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა არის - დიახ, საქართველოს ხალხმა უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ხალხი ამას იმსახურებს.

„ლელო" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა, „ქართული ოცნება" ის ძალაა, რომელიც ამ შეთანხმებიდან გაიქცა. „ლელო" არის ის ძალა, რომელმაც 12-პუნქტიან რეფორმაზე იმუშავა. ყველა მიმართულებით გვაქვს დადებითი მიმართულება.

მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, იმისათვის რომ სწორი შედეგი დამდგარიყო. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ხალხის ინტერესები გავატაროთ",- განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, მისივე შეფასებით, კანდიდატის სტატუსი სასარგებლო არის მაშინ, როდესაც ხელისუფლება მას იყენებს მეტის მისაღწევად.

გეგელიას თქმით, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ხალხის დამსახურება იქნება.

„მხოლოდ კანდიდატის სტატუსი არ არის საწინდარი, გარანტორი იმისა, რომ წინ წავიწევთ. თურქეთს 24 წელია სტატუსი აქვს, მაგრამ ამდენივე წელი გაყინულია. კანდიდატის სტატუსი სასარგებლოა მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამას იყენებს მეტის მისაღწევად.

ეს არის საერთო ისტორიული მომენტი. ვერავინ მიიწერს და არავინ არ უნდა მიიწეროს. „ქართული ოცნება" შეეცდება თქვას, რომ კანდიდატის სტატუსი მათი დამსახურებაა. არავისი არ არის არის, ეს არის ქართველი ხალხის. ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, ორმაგად ხალხის დამსახურება იქნება",- განაცხადა გეგელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×