რეზონანსი
25.10.2023

"როდესაც უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის პატიმრობიდან გათავისუფლების ინსტრუმენტად ცალკეული პირების, ჯგუფების მიერ წარმოდგება ხოლმე იდეა იმის შესახებ, რომ სწორია საპროტესტო აქციების გამართვა, სახელმწიფო ვალდებულია ოჯახსაც და საზოგადოებასაც გააცნოს, რომ ეს პროცესი საპროტესტო აქციებით და სხვა ტიპის ხმამაღალი რიტორიკით არ გვარდება,"- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც საბედაშვილმა აღნიშნა, უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს წლების განმავლობაში აპრობირებული მეთოდებით, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას.

"ბოლო დღეების განმავლობაში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას შესახებ უამრავი რამ ითქვა, გავრცელდა უამრავი მოსაზრება და რა თქმა უნდა, ოჯახის ლეგიტიმური წუხილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პირველ რიგში, რაც უნდა ითქვას არის ის, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივ რეჟიმში მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო რეჟიმის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი და ჩვენ ამ ცხელი ხაზის დახმარებით, კვირაში რამდენჯერმე ვიღებთ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პროცესში ჩართულია წითელი ჯვარი და მათ ოჯახთან აქვთ კომუნიკაცია. ასევე, ჩვენს ხელთ არსებული სხვა შესაძლებლობების გამოყენებით ხდება ინფორმაციის მიღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიიდან, ასე ვთქვათ, პირველწყაროებიდან, რაც არის საკმაოდ კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა მდგომარეობაშია ირაკლი ბებუა. იმიტომ, რომ არ დავაზიანო უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას გათავისუფლების პროცესი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის, პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რომელსაც არ დაუკლია მცდელობა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. იმისათვის, რომ ეს არ დავაზიანო, მე დეტალებში არ შევალ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახს აქვს ინფორმაცია, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიიდან, პირველწყაროდან. ოჯახს ასევე აქვს საშუალება, თავად უპასუხოს ცალკეულ კითხვებს.

მე, რა თქმა უნდა, დამატებით იმას აღვნიშნავდი, რომ ეს პროცესი არ არის მარტივი. უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის ოჯახის წუხილი აბსოლუტურად ლეგიტიმური და გასაგებია. აქ არის საუბარი იმაზე, რომ როდესაც უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის პატიმრობიდან გათავისუფლების ინსტრუმენტად ცალკეული პირების, ჯგუფების მიერ წარმოდგება ხოლმე იდეა იმის შესახებ, რომ სწორია საპროტესტო აქციების გამართვა, სახელმწიფო ვალდებულია ოჯახსაც და საზოგადოებასაც გააცნოს, რომ ეს პროცესი საპროტესტო აქციებით და სხვა ტიპის ხმამაღალი რიტორიკით არ გვარდება.

ხანდახან გასაოცარია ცალკეული პირების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ როდესაც ხდება ისეთი განცხადებების გაკეთება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების შესახებ, ისეთი რჩევების მიცემა საზოგადოებისთვის, რომელიც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, მათ შორის, ტყვეთა გაცვლის შესახებ იყო საუბარი. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ საერთაშორისო მექანიზმების გააქტიურება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საუბარი არის ის, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურად დაწყებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიით, გაგრძელებული სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლით კონფლიქტების საკითხებში: ეუთო, გაერო, ყველა მათგანთან, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, ყოველკვირეული კომუნიკაცია გვაქვს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, საოცარი განცხადებები გაკეთდა, მათ შორის ითქვა, რომ აუცილებელია ვიღაცების დაკავება ჩვენი მხრიდან, შემდეგ ამ ხალხის გაცვლა. აქ საუბარი ეხება უსაფრთხოების გარემოს რეგიონში და პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ, როდესაც ამ პროცესში შევდივართ, ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს პროცესი მოიტანს თავის შედეგებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მთელი წლების განმავლობაში იმიტომ ირჩევს ამ მშვიდობიან მოლაპარაკებების პროცესს, რომ პირველ რიგში, ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როდესაც საუბრობენ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების ამ აპრობირებული, წლების განმავლობაში დანერგილი პრაქტიკის მიღმა ახალ გამოგონებებზე და ახალ მიდგომებზე, უბრალოდ მაინტერესებს, 2011 წელს უკანონო პატიმრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, 140 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2022 წელს 44 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2011 წელს 140 უკანონო პატიმარი რა გზებით გათავისუფლდა? რაიმე სხვა ფორმა იქნა გამოყენებული? 2008 წლიდან უკანონო პატიმრობის ყველა შემთხვევა დასრულებული იყო მოლაპარაკებებით და სწორედ ამ ცხელი ხაზით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით, ეუთოს, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. წლების განმავლობაში რა პრაქტიკაც არსებობდა, იმ პრაქტიკას მივყვებით. ოკუპაციაზე როცა ვსაუბრობთ, აქ სიახლეების შემოთავაზება რა თქმა უნდა მარტივია ტელევიზიით ან ინტერვიუში, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამან წლების განმავლობაში აშენებული და შენარჩუნებული მშვიდობიანი პოლიტიკა ისე შეიძლება დააზიანოს, რომ უკან მოსახედი გზაც აღარ ჩანდეს,"- აცხადებს გიორგი საბედაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×