რეზონანსი
01.11.2023

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანიის მიუხედავად, ამერიკელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება, გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, იოტისოდენადაც არ შემცირებულა.

აღნიშნული შესახებ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, აშშ-ში, 5 დღის განმავლობაში უმაღლეს დონეზე გამართეს შეხვედრები, მათ შორის სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ანალიტიკურ წრეებში. მისივე თქმით, მიიღეს გარანტია, რომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები ჩამოვლენ და არჩევნებს ყველა დააკვირდება.

„წარმოუდგენლად მაღალია საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის მხრიდან ინტერესი პოლიტიკური თუ ექსპერტული წრეების მხრიდან და ამის კონკრეტული დადასტურება არის შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი, რომელზეც ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში იყო კიდევ მსჯელობა, მათ შორის საქართველოს კონტექსტში. შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი მოიცავს როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური კუთხით სრულიად ახალი მექანიზმების შექმნას აშშ-ის მხრიდან. ვგულისხმობ იმას, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულიად ახალი მიდგომა იქნება, რომ მშვიდობა გარანტირებული იყოს, მათ შორის საქართველოში და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში. ეკონომიკური კუთხით, ფაქტობრივად, აშშ-ის ბიუჯეტი ან სხვა მექანიზმები შეიძლება იქნეს მოძიებული, რომ ამერიკული ინვესტიციები შემოვიდეს მთლიანად შავ ზღვაში და საქართველოში, რაც ახლო მომავალში სრულიად ახალ პერსპექტივას ნიშნავს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველოს აშშ განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს შავი ზღვის რეგიონში, ოღონდ სწორედ საზოგადოების განწყობის გამო. „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანიის მიუხედავად, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება, გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, იოტისოდენადაც არ შემცირებულა. ამას აფასებენ და სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით აქტიურები იქნებიან“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი განმარტებით, არჩევნების თემა მთავარი განხილვის საგანი იყო.

„ჩვენ მივიღეთ გარანტია, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები ჩამოვლენ საქართველოში და არჩევნებს ყველა დააკვირდება. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ მოვუწოდებ, ის სიყალბე, რისთვისაც ემზადებით, არ გამოგივათ არცერთ შემთხვევაში, რადგან მთელი დასავლური სამყარო აშშ-თან ერთად არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×