რეზონანსი
03.11.2023

მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. ყველაზე დაუძინებელ მტერს შევურიგდები, თუ საქართველოს ინტერესს დაიცავს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევის საქმეებს ეხება.

სააკაშვილის თქმით, ყველამ თავისი გზა უნდა იპოვოს და „ეს კბენები" უნდა დასრულდეს.

„მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. ყველაზე დაუძინებელ მტერს შევურიგდები, თუ საქართველოს ინტერესს დაიცავს. მაგრამ მინდა, გითხრათ, პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა. გარეთ - კი ბატონო, გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. დღეს ყველა ქართველის ერთიანობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა. აუცილებლად მოხდება აქ დიდი ცვლილება.

მინდა, გითხრათ, რომ ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს. ყველამ თქვენი გზა იპოვეთ. ყველა ადამიანის მიმართ ვარ უკიდურესად კეთილგანწყობილი, გთვლით მეგობრებად, თანამებრძოლებად, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში.

საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პერსპექტივები. დღეს ჩვენ ცუდ ბანაკში ვართ. პოლიტიკურად იმ ბანაკში ვართ აღმოჩენილი, სადაც არის „ჰამასი", რუსეთი და ასე შემდეგ, მაგრამ ევროპა მაინც ძალით წაგვათრევს ევროპაში, უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში. მე ამაში ვარ დარწმუნებული. ახლა ყველაფერი ნათელი გახდა, ბოროტი და სიკეთე ნათელი გახდა. ასეთი ნათელი ეს არასოდეს ყოფილა.

დღეს თქვენ ასამართლებთ ამ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ დამფუძნებელს. მე, როგორც არასდროს, ვარ ბრძოლისუნარიანი. ვარ მზად, ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თქვენთან ერთად, ქვეყნის ამ უბედურებიდან გამოყვანის და დარწმუნებული ვარ, თუ ყველანი ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს, ყველაფერი გამოგვივა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში" შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×