რეზონანსი
15.11.2023

მმართველ პარტიას, „რუსულ ოცნებას" ჰყავს გენერალური მდივანი ბატონი კალაძის სახით, რომელიც ამბობს ერთს, რომ ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით დავრჩებითო. ანუ ეს პირდაპირ განაცხადია, რომ არჩევნები უნდა გავაყალბოთო, რადგან სხვა არანაირი ახსნა მის სიტყვას არ აქვს , - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა კახა კალაძე გააკრიტიკა.

„მმართველ პარტიას, „რუსულ ოცნებას" ჰყავს გენერალური მდივანი ბატონი კალაძის სახით, რომელიც ამბობს ერთს, რომ ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით დავრჩებითო. ანუ ეს პირდაპირ განაცხადია, რომ არჩევნები უნდა გავაყალბოთო, იმიტომ რომ სხვა არანაირი ახსნა მის სიტყვას არ აქვს. და როდესაც მას ლავროვზე კომენტარს სთხოვენ და ეუბნებიან, რომ ლავროვი ამბობს, რომ უნდა გააძევოს თქვენი რეგიონიდან ევროკავშირი და დასავლეთიო, პასუხობს, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მტერი და მტერი მხოლოდ ოპოზიციააო. იმიტომ რომ რუსია, კახი კალაძე არის რუსული რეჟიმის წარმომადგენელი. მას ჰქვია თბილისის მერი და ემსახურება რუსეთს. ჩვენ გვჭირდება თბილისის მერი, რომელიც მოემსახურება ქართველებს და თბილისელებს", - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვლადიმერ პუტინის გამოცდილების გაზიარება რომ არა, სამართლიანი და ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება მიუღწეველი მიზანი არ იქნებოდა.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველაფერში ცდილობს, რომ ვლადიმერ პუტინის გამოცდილება გაიზიაროს, ამ გამოცდილების გზას დაადგა, თორემ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება თუ პოლიტიკური ნება არსებობს, ნამდვილად არ არის მიუღწეველი მიზანი. პრობლემა იმაშია, რომ ამ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ნება არ გამოუვლენია და მათ შორის იყო 2020 წლის არჩევნები, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები იყო. საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნებით ფონს ვერ გავა და ამას საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის განცხადებით, ფართომასშტაბიანი კამპანიაა საჭირო იმისთვის, რომ ამომრჩეველს არ ჰქონდეს შიშის განცდა ხმის მიცემისას და სჯეროდეთ, რომ თავისუფლად აზრის დაფიქსირება შეუძლიათ.

„ჩვენ გვითხრეს, რომ ევროკავშირში რომ გაწევრიანების პროცესი დაიწყოს, უნდა ჩატარდეს ევროპული სტანდარტების არჩევნები.

აშშ-ს ელჩის პირველი კომენტარის დროს, დიდწილად სწორედ არჩევნებზე იყო საუბარი. ეს არის პრიორიტეტი დღეს. არჩევნებში მოგვეხმარებიან ყველა შესაბამისი გზით. მათ შორის იმით, რომ ეხმარებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე ჩვენ საუბარი გვქონდა გამოწვევებზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ადმინისტრაციას ჰქონდეს ნდობა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ჯერ ისევ არ აქვს. ასევე გვქონდა საუბარი იმ მეთოდებზე, რომელსაც „ქართული ოცნება" იყენებს ზეწოლაზე, მოსყიდვაზე, დაშინებაზე. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდება ძალიან ფართომასშტაბიანი კამპანია იმისთვის, რომ ადამიანები მოვიდნენ არჩევნებზე, არ შეეშინდეთ ხმის მიცემის და სჯეროდეთ, რომ შეუძლიათ თავისუფლად დააფიქსირონ აზრი", - აღნიშნა სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×