რეზონანსი
06.12.2023

პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს „ლელო“ უკეთებს პროვოცირებას.

ხვიჩიას თქმით, „ნაცმოძრაობამ“ წევრების გადინებას ახალი წევრების, მათ შორის ძველი წევრების უკან მიღებით უნდა უპასუხოს.

„ნაცმოძრაობის“ შიდა პროცესები იმდენად არაბუნებრივად მეჩვენება, რომ მგონია, ამ პროცესებს „ლელო“ აპროვოცირებს და „ნაცმოძრაობასთან“ გამოცხადებული აქვს ასეთი ბრძოლა – მათი წევრების გადმობირების. სხვანაირად ბოლომდე ვერ ვხვდები ასეთი ბრძოლის მეთოდებს. არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, თუმცა მაინც მგონია, რომ „ლელოს“ ასე ცალკე ბრძოლა „ნაცმოძრაობასთან“ კარგი არ არის. სჯობს, „ლელომ“ „ნაცმოძრაობაში“ ადგილები იყიდოს და თავისი წევრები ასე შეიყვანოს, „ნაცმოძრაობას“ ასეთი ტიპის დაქუცმაცების ბრძოლა არ გამოუცხადოს. თუ ამაში „ლელოს“ ხელი არ ურევია, კიდევ უფრო ბუნდოვანია, რატომ ხდება ეს პროცესები. „ნაცმოძრაობამ“ წევრების გადინებას ახალი წევრების, მათ შორის ძველი წევრების უკან მიღებით, შემოერთებით უნდა უპასუხოს და ღია პარტია უნდა გახდეს იმ ხალხისთვის, ვისაც აქვს ასეთი იდეა – „მართალია, ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი ქვეყანა გვინდა, მაგრამ მთავარია, ბიძინა წავიდეს და მერე გავიგებთ“. ამ იდეის გარშემო ვინც გაერთიანებულია, ყველა „ნაცმოძრაობამ“ უნდა შეისრუტოს. „ლელოც“, ვინაიდან ამ იდეის ქვეშაა გაერთიანებული, უფრო სწორია, „ნაცმოძრაობაში“ წავიდეს, ვიდრე ასე ებრძოლოს „ნაცმოძრაობას“ და დააფინანსოს „ნაცმოძრაობის“ კრიზისის პროცესები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ ასევე კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის წევრების აშშ-ში ვიზიტზე.

„ვიზიტის დეტალები ჩემთვის არავის შეუთანხმებია, თუმცა მაინც მგონია, რომ ჯერ საქართველოშიც იყო დარჩენილი შესახვედრი ხალხი. არჩევნები ამ ქვეყანაში ტარდება და თუ პირად შეხვედრებს აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ამომრჩევლებთან, ამერიკაში რაოდენობრივად იმდენ ხმას ვერ შეხვდები, რამდენსაც საქართველოში“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×