რეზონანსი
06.12.2023

ჩვენს პარტნიორებსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვთხოვეთ, იფიქრონ უფრო მკაფიო და გაწერილ სამოქმედო გეგმაზე, როგორიც აქვს ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე წარადგინა ანგარიში, რა გაკეთდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და დემოკრატიზაციის რეფორმებით მიმართულებით.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, პარტნიორებისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის გზავნილები მიიღეს.

„ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა საქართველოს როგორც ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირში წევრობას, ასევე ნატო-ში წევრობას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ასევე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით. შეხვედრაზე ძალიან მეგობრული და თბილი ატმოსფერო იყო, შეხვედრის შედეგებით ძალიან კმაყოფილო ვართ.

ჩვენს პარტნიორებსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვთხოვეთ, იფიქრონ უფრო მკაფიო და გაწერილ სამოქმედო გეგმაზე. დაახლოებით ისეთ გეგმაზე, როგორიც აქვს ევროკავშირს, როცა თითოეულ ნაბიჯს მოჰყვებოდეს პროგრესი ნატო-ს ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც უფრო მარტივი იქნება სახელმძღვანელოდ, რადგან გვეცოდინება, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმის დასრულების შემდეგ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ წევრობის გზაზე. ასევე დისკუსია იყო ვაშინგტონის სამიტზე. იმედია, აქაც ბოლომდე წარმოდგენილი ვიქნებით მაღალ დონეზე და ამ სამიტზეც იქნება საუბარი, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენ შორის ურთიერთობები, რაც, საბოლოი ჯამში, წევრობამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×