რეზონანსი
29.12.2023

ძალიან ბევრი კითხვა არსებობს 2008 წელთან დაკავშირებით, არა მარტო სამხედრო ოკუპაციის, არამედ ზოგადად დანაშაულებრივი სისტემის მიმართ. ხალხის მოთხოვნაცაა და ყველა ამას გვიკიჟინებს - აღარ დასრულდა ნაცები, რომ არ იყვნენ ნაცები, არ იქნებოდა „ქართული ოცნება" და ა.შ. ჩვენც სწორედ ამას ვცდილობთ - გასუფთავდეს პოლიტიკური ველი ერთხელ და სამუდამოდ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა მოძრაობის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო წერილზე, სადაც „ხალხის ძალა" ენმ-ს, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის, გასამართლებას ითხოვს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას და ყველა ის დანაშაული, რომელიც ჩადენილი იყო მათი რეჟიმის მიერ, მათ შორის ომთან დაკავშირებით, უნდა იქნეს გამოძიებული. აქამდე ვინარჩუნებდით დუმილს ამ თემაზე, რადგან მოსაგები გვქონდა სასამართლო პროცესები სტრასბურგსა და ჰააგაში, სადაც ცალსახად დადგინდა, რომ საქართველოს ომის დანაშაული არ ჩაუდენია და ადამიანის უფლებები ამ კონფლიქტში არ დაურღვევია", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა, რადგან სწორედ მისი მეცადინეობის შედეგია ის, რომ საქართველომ შეძლო გადამალული მტკიცებულებების მოძიება და მათი წარდგენა სასამართლოში.

„თავის დროზე, საქართველოს სარჩელი არ მიიღო საერთაშორისო სასამართლომ წარმოებაში, ვინაიდან არ იყო მტკიცებულებები. ჩვენს ხელისუფლებას მოუწია გადამალული მტკიცებულებების მოძიება. თეა წულუკიანმა, მისმა მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ, ჩვენმა საჯარო მოხელეებმა გაწიეს უზარმაზარი სამუშაო, რათა მოეძიებინათ მტკიცებულებები", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მანვე დაასახელა კიდევ ერთი მიზეზი იმის, თუ რატომ არ ითხოვდა „ხალხის ძალა" ამ დრომდე „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას.

„ჩვენ ველოდებოდით კანდიდატის სტატუსის მიღებას და არ გვინდოდა, რაიმე ზედმეტი განცხადება გაგვეკეთებინა, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა, ან თუნდაც, პროვოკაციის საბაბს შექმნიდა, თითქოს, პოლიტიკურ ბრძოლას ვუცხადებთ „ნაციონალურ მოძრაობას". სტატუსი უკვე მინიჭებულია. ჩვენ გვაქვს ერთი წელიწადი, სადაც ერთი მხრივ, უნდა შევებრძოლოთ დეზინფორმაციას და მეორე მხრივ, მოვემზადოთ არჩევნებისთვის. არჩევნების შემდეგ 2024 წლის პარლამენტში, ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნა, სწორედ იმიტომ, რომ ვაიძულოთ „ნაციონალური მოძრაობა" ყველა კითხვას გასცეს პასუხი. პირველ რიგში, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, რატომ უძღოდა ამას წინ კანონიდან ღალატის მუხლის ამოღება, რატომ უძღოდა ამას წინ სამხრეთ ისეთის ე.წ. საზღვრების ხელმეორედ განსაზღვრა, რომელიც გაუქმებული იყო ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს. რატომ გადაარქვეს კოდორის ხეობას სახელი და რატომ დაარქვეს მას ზემო აფხაზეთი. პასუხი იქნება პოლიტიკური და თუ იქ სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთება, შესაბამისმა უწყებებმა მას უნდა გასცენ პასუხი", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×