რეზონანსი
10.01.2024

დიახ, პანდემია დასრულდა, მაგრამ ის არსად გამქრალა, თანდათანობით სუსტდება, მაგრამ ის ჯერჯერობით შედარებით ვირულენტურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" აღნიშნა, კლინიკებში არსებული ვითარება გამოწვეულია გრიპით და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსებით.

მისივე თქმით, გრიპით და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსებით მოწყვლადია ბავშვთა ასაკი, განსაკუთრებით, 5 წლამდე და ასევე, ხანდაზმულები - 60 წლის ასაკის ზემოთ.

„გავრცელების თვალსაზრისით წინა „პლანზე" არის გრიპის ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტს აავადებს. შემდეგ მოდის რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსი, შემდეგ უკვე კორონავირუსი. უჩვეულო არაფერი ხდება. წინა 3 წლის განმავლობაში კორონავირუსი „ჩაგრავდა" გრიპის ვირუსს, დღეს წინა „პლანზეა" გრიპი, ძირითადად A-ტიპის და H1N1-ი, რომელიც „ღორის გრიპის" სახელით არის ცნობილი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, რადგან ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა გამყრელიძის თქმით, არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არის დასავლეთის ქვეყნებში, თუმცა საქართველოსთვის არ არის ხელმისაწვდომი.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომელებიც ხმარებაშია, 2012 წლიდან გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა. ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, ასე სწრაფად ქვეშტამის ვაქცინა არ იქნება. არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არიან „ომიკრონის" წინა ქვეშტამების საწინააღმდეგო. ასევე, მათ აქვთ დამცველობა ახალი შტამის მიმართ, რადგან ისინი „ომიკრონის" „შვილები"არიან. ეს ვაქცინა არის დასავლეთის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ნაკლებად ხელმისაწვდომია საქართველოსთვის. ვიცი, რომ ჩვენები მუშაობენ იმაზე, რომ ეს ვაქცინა საქართველოსთვისაც იყოს მისაწვდომი" , - განაცხადა გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×