რეზონანსი
29.01.2024

მსგავსი შეხვედრები, პირველ რიგში, ეს არის შესაძლებლობა, რომ უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა განვიხილოთ და ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაც უკავშირდება 9 ნაბიჯს, რომელიც ევროკომისიის მიერ ნოემბერში განისაზღვრა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა ასევე მიეცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ განსაკუთრებით იმ მნიშვნელოვან საკითხებს ვიხილავთ, რაც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შედის. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ გეგმაში ასეთი საკითხებია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათზე ფართო მსჯელობა იყოს. სწორედ ამის შესაძლებლობა გვაქვს დღეს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ასევე აღნიშნულ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის თაობაზე და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმის ფარგლებში მიმდინარეობს.

„საქართველოში არის სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ბევრი ორგანიზაცია და შეუძლებელია ყველა მოიცვა. აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა არის ის საუკეთესო პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ბევრი ორგანიზაცია და ეს არის საუკეთესო ფორმატი და შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში. თუკი სურვილი აქვს ვინმეს, პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას უზრუნველყოს მათი მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან გაფორმდა მემორანდუმი და მასთან თანამშრომლობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და მომავალშიც ასევე გაგრძელდება.

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ლელომ" ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×