რეზონანსი
29.01.2024

ფორმატმა, რომელიც მუშაობის დასაწყებად იყო შეთავაზებული, ერთმნიშვნელოვნად გაამართლა, რადგან საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა ყველასთვის, ვისაც კი რამის თქმის სურვილი ჰქონდა, დაეფიქსირებინა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაზე საუბრისას.

მისი თქმით, ფორმატთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს საფუძველი არ აქვს.

„თუკი ვინმე ასეთ ფორმატში მოისაკლისებს ახალ იდეებს, ახალ ინიციატივებს, ბუნებრივია, ეს მისი პრობლემაა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ საუბრის შინაარსი, მსჯელობა, რომელიც წარიმართა ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით, დაცლილი იყო ინიციატივებისა და იდეებისგან. ცალკეული საკითხები იყო კრიტიკულად დასმული, გაანალიზებული და შესაბამისი მცდელობაც იყო, რომ გარკვეული საუბარი შემდგარიყო გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით შთაბეჭდილება არის პოზიტიური. მიუხედავად იმისა, ვის რამდენად ეხალისებოდა დილით ადრე ადგომა, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ყველას, ვისაც ჩართულობის სურვილი აქვს, იყოს ჩართული და ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში წვლილი შეიტანოს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციას არაფერი აქვს შემოსათავაზებელი, ეს არის მისი პრობლემა.

„კატეგორიულად ვერ დავეთანხმები „ლელოს" პოზიციას და უფრო მეტსაც ვიტყვი - ეს არის სანიმუშო მაგალითი დესტრუქციული დამოკიდებულების. რამ შეუშალა ხელი, რომ მოსულიყო ამ შეხვედრაზე „ლელოს" წარმომადგენელი და ესაუბრა თითოეული იდეის შესახებ, რომელიც შეიძლება ჰქონდეს. სინამდვილეში ყველასთვის ნათელია, რომ „ლელოსთვისაც" პრიორიტეტულია პროცესის დაზიანება, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესის გულშემატკივრობა, თუნდაც ამას ეწირებოდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტერესი", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ლელომ" ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×