რეზონანსი
05.02.2024

მერწმუნეთ, ასევე, დამუქებული შუშებით ავტომობილი ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს არ ჰყავს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში მედიის მიერ, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საუბარია სიუჟეტზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ერთ-ერთი პატრულ - ინსპექტორი ციხეში მხოლოდ იმის გამო აღმოჩნდა, რომ ვახტანგ გომელაურის დის ქმარი გააჩერა, რადგან ეჭვი შეიტანა, რომ ის ფხიზელი არ იყო და ალკო-ტესტის გავლა მოსთხოვა.

„გამიხარდება ვინმე თუ დაიწყებს ამ ფაქტის მოკვლევას. ჩემი სიძე ჩემზე უფროსია დაახლოებით 5 წლით. სულ მანქანა ჰყავს და შეიძლება 1000-ობით პოლიციელს ჰყავდეს გაჩერებული და გადამოწმებული. ეს ადამიანი (პატრულ-ინსპექტორი) გავუშვით კი არა დავაკავეთ. დეტალები იცით რაზეც დავაკავეთ. ეს რაღაცა რომ დავუდგით და რაღაც მოუწყვეს იმიტომ, რომ თურმე 6 თვის წინ თუ 8 თვის წინ ჩემი სიძე გააჩერა არ ვიცი... მერე გავარკვიეთ, თურმე რომ დაიწყო ამაზე საუბარი. რაზეც დავაკავეთ - ინფორმაციის გატანაზე თანხის სანაცვლოდ. მგონი არც თქვენ არ გჯერათ, რომ მოუწყვეს - 8 თვის თუ 6 თვის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის სიძე რომ გააჩერა და გადაამოწმა პირობითად, მაგიტომ 8 თვის შემდეგ ეს ადამიანი დავაკავეთ.

კამერები აღარ იყო, როგორც მახსოვს თუ არ ვცდები, ალკოტესტი აღარ ჩაუტარეს და უთხრეს, კაი, წაბრძანდით. თუმცა, ადამიანი არ სვამს წლებია, მართლა გეუბნებით, თუ გჯერათ ჩემი. შვილიშვილი ეჯდა მანქანაში და როგორ წარმოგიდგენიათ, ნასვამი მოდიოდა?! თქვენ არ იცნობთ იმ ადამიანს, მართლა სხვანაირი ადამიანია გულწრფელად მჯერა, რომ მთვრალი არ იქნებოდა. თუმცა, 8 თვის წინ რომ გააჩერა ვიღაცამ ჩემი სიძე და 8 თვის შემდეგ რომ დააკავა გენინსპექციამ ინფორმაციის გატანაზე, არ უნდა დაგვეჭირა ასეთ შემთხვევაში? თუნდაც, დავუშვათ ჩემი სიძე გააჩერა და გაუშვა, თუნდაც ნასვამი იყო, არ უნდა დაგვეჭირა ეს კაცი? რაზე ვკამათობთ, თუ ეს გააკეთა და გაუშვა, ეს მეორე დანაშაულია. ჩემი შვილებიც ჯარიმდებიან, ყველა ჯარიმდება და შეგვიძლია ამოვიღოთ, თუ გინდათ გამოგიგზავნით ვინ რამდენ ჯარიმას იხდის. მერწმუნეთ, ასევე დამუქებული შუშებით ავტომობილი ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს არ ჰყავს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×