რეზონანსი
19.02.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისაუბრებს ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებსა და ევროკავშირთან შესაბამისობის კუთხით საკანონმდებლო აქტივობებზე.

„საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი არ შეუწყვეტია. პროგრესი მომდინარეობს ჩვენი ყოველდღიური რეფორმების განხორციელებით და სხვადასხვა მიმართულებით თანმიმდევრული მიდგომით. ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან დინამიკური საკანონმდებლო აქტივობები. საქართველოს პარლამენტმა უამრავი კანონი შეიმუშავა, უამრავ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელსაც შესაბამისობაში მოჰყავს ჩვენი ინსტიტუციური და სამართლებრივი თავსებადობა ევროკავშირთან. ეს პროცესი გრძელდება. რეფორმები არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს მოითხოვს დროს, ძალისხმევას. ჩვენს ხელისუფლებას აქვს ცალსახა დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა აღებული და არაერთხელ გვითქვამს, რომ სწორედ ეს რეფორმები, თანმიმდევრული საკანონმდებლო აქტივობები არის გზა შემდგომი დაახლოების, ჩვენი შემდგომი პროგრესის და ინტეგრაციის. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება საუბარი", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, პოლიტიკური განზომილების გარდა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება სექტორული თანამშრომლობა.

„რაც შეეხება სექტორულ თანამშრომლობას, ერთია ჩვენი პოლიტიკური აფილირება და ასოციაცია ევროპულ ოჯახთან, ევროკავშირთან, მეორეა უკვე პრაქტიკულ განზომილებაში ჩვენი ინტეგრაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სარგებელი, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია. სექტორული თანამშრომლობა სწორედ ამას ნიშნავს. პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში ასევე ბრძანდება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, რომელიც, რა თქმა უნდა, თავის ნაწილშიც ისაუბრებს პერსპექტივებზე, მომავალში გვექნება სექტორული თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით და ბევრი განზომილებით. პოლიტიკური განზომილების გარდა, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხვალისთვის, რათა ჩვენ უფრო მეტი კომპონენტისა და მეტი შესაძლებლობის იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რათა საქართველომ უკვე პრაქტიკულ დონეზე გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. ასევე, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×