რეზონანსი
11.03.2024

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი დარწმუნებულია, რომ თუ ნატო-ს ჯარები უკრაინას დახმარებას უშუალოდ მის ტერიტორიაზე გაუწევენ, ეს არცერთ საერთაშორისო ნორმას არ დაარღვევს.

მედიის ინფორმაციით, პეტრ პაველმა ჩეხურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია მკაფიოდ განვასხვავოთ საბრძოლო ჯარების განლაგება და ჯარების შესაძლო ჩართვა გარკვეულ მხარდამჭერ საქმიანობაში, რომლის გამოცდილებად ნატო-ს უკვე აქვს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ანექსიის და დონბასის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, რაც არსებითად აგრესია იყო, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბით, ვიდრე დღეს, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებდა ნატო-ს საწვრთნელი მისია, რომელიც ერთ დროს 15-ზე მეტ ქვეყანასა და დაახლოებით 1 000 ადამიანს მოიცავდა“, - აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.

მისი თქმით, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების თვალსაზრისით, არაფერი შეუშლის ხელს ნატო-ს წევრი ქვეყნების ჯარებს, უკრაინას დაეხმარონ.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ნატო-ს ჯარების ჩართვას უკრაინის დახმარებაში მისსავე ტერიტორიაზე, პაველმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე დისკუსიას არ გამორიცხავს.

„თუკი ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას ჩვენს მოკავშირეებთან, რომ, მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინელი ჯარისკაცები მოვამზადოთ და ათასობით სამხედრო მოსამსახურე გადავიყვანოთ, ვთქვათ, პოლონეთში ან ჩეხეთში, ბევრად უფრო ლოგიკური იქნება რამდენიმე ათეული ინსტრუქტორის უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანა და იქ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება“, - თქვა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×