რეზონანსი
14.03.2024

აიბლანდნენ ერთმანეთში, არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც საფუძველს მოკლებულია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილის შექმნაზე.

მისი თქმით, „ლელოსა" და მისი ლიდერის განცხადებები უარგუმენტო და მანიპულაციურია.

„არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ ხაზარაძის განცხადება, იმდენ სისულელეს ვისმენთ მათი პარტიის წარმომადგენლებისგან. მერე უკვე აიბლანდნენ ერთმანეთში, ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს, პენსიებთან დაკავშირებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და ა.შ. არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია: არანაირი არგუმენტაცია, არანაირი კონკრეტიკა. ქართველი ხალხი არ მოტყუვდება ამ მანიპულაციით", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტული საკითხია. დედაქალაქის მერმა ის მუნიციპალური პროგრამაც ახსენა, რომელიც რამდენიმე წელია, მსურველთა გადამზადებისა და დასაქმების მიმართულებით მოქმედებს.

„გამოწვევა არის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. თუ შევხედავთ თუნდაც სამუშაო ადგილების თვალსაზრისით რა ვითარება იყო წლების წინ და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს... საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი ადამიანი დასაქმდეს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დასაქმების პრობლემა, მეორე მხრივ, ბიზნესსექტორი ეძებს კვალიფიციურ კადრებს, რაც ასევე უდიდესი პრობლემაა. ჩვენ გვაქვს სრულიად უფასო, პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი". სხვადასხვა პროფესიებში გადამზადებას ვახორციელებთ, რათა მსურველებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ. შემდეგ მათ ვეხმარებით დასაქმებაში. 75% არის ამ პროგრამით დასაქმების მაჩვენებელი", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×