რეზონანსი
14.03.2024

ამ კამპანიამ, ეს უნდა ვაღიაროთ, „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგზე ნამდვილად გადაიყვანა - ეს კამპანია "ქართულმა ოცნებამ" სათავისოდ ვერ მოაბრუნა, - ამის შესახებ პარტია „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობის" ფასებთან დაკავშირებულ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია".

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ამ კამპანიამ, ეს უნდა ვაღიაროთ, „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგზე ნამდვილად გადაიყვანა. მუდმივად პასუხს სცემენ "ნაციონალურ მოძრაობას". შემიძლია ნამდვილად დავადასტურო. იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, გუშინ და გუშინწინ მხოლოდ და მხოლოდ თავის გამართლების რეჟიმში იყვნენ. ფასები აწუხებს ყველას და ეს ამიტომ ხდება. არაფერ შუაშია დასპონსორებული გვერდები. ობიექტურად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კამპანია "ქართულმა ოცნებამ" სათავისოდ ვერ მოაბრუნა. ეს არის ის მიმართულება, რამაც "ქართული ოცნება" ძალიან შეაწუხა",- განაცხადა დეკანოიძემ.

გარდა ამ საკითხისა, დეპუტატი გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ეს არის "პროპაგანდისტული გზავნილი წინასაარჩევნოდ".

„ეს ახალი პროპაგანდისტული გზავნილი მოგონილია წინასაარჩევნოდ გაცილებით უფრო მაღალი პოლარიზაციის ხარისხის შესაქმნელად, რაც, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებასაც" უნდა.

"ხალხის ძალა", როგორც "ქართული ოცნების" ნაწილი სწორედ ამ კუთხით ავრცელებენ ამ გზავნილს. "ხალხის ძალისგან" ეს არის ჩვეულებრივი, პოლარიზაციის გამაღრმავებელი პროპაგანდა. საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ "ქართული ოცნების" არ ეშინია და შანტაჟს არ ექვემდებარება. ამიტომ, ეს გზავნილი არ არის ის, რაც "ქართულ ოცნებას" შედეგს მოუტანს",- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ "ხალხის ძალამ" გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ "არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავაინიცირებთ გამოძიებას 2008 წლის ომის შესახებ, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. თუმცა, თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს ჩვენთვის იქნება ბოლო წვეთი, ასეთ შემთხვევაში არჩევნებს აღარ დაველოდებით და გამოძიების დაწყებას ახლავე, არჩევნებამდე მოვითხოვთ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×