რეზონანსი
16.03.2024

ეს არის მორიგი მტკიცებულება, როდესაც თუნდაც ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, აკეთებს განცხადებას, რომელიც პირდაპირ ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს - არაღიარების პრინციპის წინააღმდეგ გამოდის და პრაქტიკულად თავისი განცხადებით აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა, წარწერით: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან".

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი უკვე ღიად და აშკარად ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს.

„ჩვენ, სამწუხაროდ, აღარ გვიკვირს ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის მორიგი მტკიცებულება, როდესაც თუნდაც ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, აკეთებს განცხადებას, რომელიც პირდაპირ ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს. ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და ამ დროს არაღიარების პრინციპის წინააღმდეგ გამოდის და პრაქტიკულად, თავისი განცხადებით აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეს არის სამწუხარო მოცემულობა, მაგრამ არ გვიკვირს, იმიტომ, რომ ზურაბიშვილი უკვე ღიად და აშკარად ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს.

მნიშვნელობა არ აქვს მოსამართლეზე იტყვის თუ ნებისმიერ საჯარო მოხელეზე, როდესაც შენ ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი აღიარებ რუსეთის მხრიდან აღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტის, აფხაზეთის, რომელიმე საჯარო მოხელეს და მის ლეგიტიმაციას, ეს ნიშნავს, რომ შენ აღიარებ, პრაქტიკულად, აფხაზეთის დამოუკიდებლობას და კიდევ ვიმეორებ, ეს შეცდომა არ მგონია, სამწუხაროდ, ის ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს",- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯი შეაფასა, როგორც „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×