რეზონანსი
18.03.2024

საქართველოში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების IV მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმურად ახორციელებს.

მისიის დასრულების შემდეგ ეროვნულ ბანკში მედიისთვის ბრიფინგი გამართეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან, მიმდინარე ანალიზის საფუძველზე, კიდევ ერთხელ, დადასტურდა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა, ასევე, მაღალ დონეზე შეფასდა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ იქნა გადადგმული.

„როგორც იცით, გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით 7.5% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პროგნოზი 5.2% ფარგლებშია პროგნოზირებული, იმ გათვლებით, რაც გასული წლის ბოლოს, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას მომზადდა. ამავე დროს, განვაცხადეთ, რომ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნებოდა ეკონომიკური ტენდენციები 2024 წლის დასაწყისში, მოხდებოდა ამ მაჩვენებლის განახლება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ჩვენი პროგნოზებიც ზრდის მიმართულებით შეიცვლება. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ასევე, შესწორდა ზრდის მიმართულებით და 5.7%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი და ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ინარჩუნებს მდგრად პარამეტრებს ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ვალის, ისე დეფიციტის კუთხით, ასევე, მდგრადია მონეტარული პოლიტიკა - ბოლო 10 თვის განმავლობაში 1%-ზე დაბალი ინფლაცია ფიქსირდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს და კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×