რეზონანსი
18.03.2024

უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი გმობს ხელისუფლების მხრიდან საზღვარგარეთ გამგზავრების კონტროლს და უკრაინის მთავრობას მათი ხმის ჩახშობაში ადანაშაულებს, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde სტატიაში სათაურით უკრაინაში ოპოზიცია სულ უფრო მეტად აკრიტიკებს ზელენსკის ადმინისტრაციას.

სოლომია ბობროვსკა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ გაღიზიანებას აღარ მალავს. უკრაინის პარლამენტის დეპუტატი აღშფოთებულია იმის გამო, რომ არ მიეცა უფლება დაეტოვებინა ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მიიწვიეს ვაშინგტონში ათდღიან სამუშაო სესიაზე.

"მიმაჩნია, რომ ეს აკრძალვები ჩვენი გაჩუმების მცდელობაა, რათა პარლამენტი გამოირიცხოს ძირითადი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან. მთავრობას არ შეუძლია უკარნახოს პარლამენტს, რომელიც ცალკე დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რა გააკეთოს, ეს სრულიად არაკონსტიტუციურია", - აღნიშნა ოპოზიციის დეპუტატმა.

ფრანგული გაზეთი Le Monde წერს, რომ სოლომია ბობროვსკას მდგომარეობა უნიკალური არ არის. ბოლო თვეების განმავლობაში, ოპოზიციური პარტიების რამდენიმე დეპუტატმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათ არ მისცეს შესაძლებლობა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

ყოფილმა პრეზიდენტმა და ახლა პარლამენტის წევრმა, პეტრო პოროშენკომ თებერვლის ბოლოს წერილი გაუგზავნა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის, რომელშიც აღნიშნა, რომ "საომარი მდგომარეობისა და ომის ბოროტად გამოყენება ოპოზიციური პოლიტიკური ველის გაწმენდისა და საერთაშორისო სცენიდან ოპოზიციის იზოლაციის მიზნით ხდება".

უახლესი დადგენილების თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 1-ელ იანვარს, უკრაინელმა დეპუტატებმა უნდა მიმართონ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიაწოდონ დეტალები იმ სადისკუსიო საკითხების შესახებ, რომლებსაც ისინი ქვეყნის გარეთ მოგზაურობის დროს განიხილავენ.

ამ კონტროლის გამო შეშფოთებულნი არიან უკრაინელი ჟურნალისტები და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×