რეზონანსი
18.03.2024

ე.წ. ვეტინგის სისტემა - ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს, ნონა წოწორიას ვეტინგის სისტემის ლობირებაში ღიად სდებენ ბრალს

რა როლის აქვს ძებნილი და მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს საქართველოში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მცდელობაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნონა წოწორიას ღიად სდებენ ბრალს ვეტინგის სისტემის ლობირებაში და აცხადებენ, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოში სასამართლო სისტემას ჩამოშლის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის თქმით, ნონა წოწორია, რომელიც, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ ვეტინგთან მიმართებაში მის ჩართულობაზე არაფერს ამბობს, აქტიურად მონაწილეობდა მოლდოვაშიც, მოსამართლეთა შერჩევა-შეფასების პროცესში, სადაც მოქმედი მოსამართლეები სამსახურიდან გაათავისუფლეს. თევზაძე ფიქრობს, რომ მსგავსი გეგმა არსებობს საქართველოს მოსამართლეთა კორპუსთან დაკავშირებითაც. ამბობს, რომ უკრაინაში სწორედ წოწორიას შერჩეული იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ბრალდებებს დღის ბოლოს კიდევ ერთი სტატუსით უპასუხა თავად ნონა წოწორიამ. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ 2023 წელს დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დაკავებული უკრაინის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის კეთილსინდისიერება საერთოდ არ შეუფასებიათ და მოსამართლე კნიაზიევი სწორედ მისი მონაწილეობით შერჩეულმა გენერალური პროკურორის მოადგილემ დააკავა.

სწორედ ანტიკორუფციული პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობას ადასტურებს წოწორია ჯერ კიდევ გუშინ გამოქვეყნებულ სტატუსში, სადაც ზურაბ ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ უკრაინაში მოსამართლეების ვეტინგში მონაწილეობა უარყო, რისიც არ სჯერათ თბილისში.

წოწორიას მონაწილეობა ადვილად იძებნება მოლდოვაში, ვეტინგის სისტემით მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესში.

რატომ ამტკიცებს წოწორია, თითქოს სასამართლოში ვეტინგთან შეხება არ ჰქონია? - ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ მიზეზი რეფორმის წარუმატებელი შედეგებია. ნაწილი კი ვეტინგს პირდაპირ "ნაციონალურ მოძრაობას" და მის მიზნებს უკავშირებს.

ვეტინგის სისტემის შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია მმართველი გუნდი - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილსა და არასამთავრობო სექტორს სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოპოვება სურთ.

სასამართლოში ვეტინგის შემოღების ინიციატივა რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაახმოვანა, რაც უცხოელი სპეციალისტების მხრიდან ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს. მსგავსი რეფორმა ქართველი მოსამართლეებისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას ნიშნავს.

ვეტინგი, ალბანეთის მსგავსად, უკრაინაშიც ჩატარდა. ამ პროცესს გადის ახლა მოლდოვაც, სადაც ნონა წოწორია დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით შესაბამისი კომისიის წევრია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×