რეზონანსი
28.03.2024

სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მისი ციხიდან გამოყვანის პოლიტიკური მოტივაცია იყო ქვეყანაში ვითარების არევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც ნიკა გვარამიას სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა.

მისი თქმით გვარამია თავს ესხმის ქართულ სასამართლოსა და მართლმსაჯულებას.

„ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსაც კი გამოეკიდა, ალბათ ახლა სტრასბურგის სასამართლოს ვეტინგს მოითხოვს, იმუქრება, რომ ხელისუფლება შეიცვლება და სასამართლოს მთლიანად გაყრიან და მოიყვანენ თავის მოსამართლეებს. ეს ადამიანი გარეთ გამოაყვანინა ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილს. სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა, ჩახედა რა დოკუმენტაციას, მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა დამნაშავესთან და ამ საქმესთან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ რაც ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია არის სისხლის სამართლის დამნაშავე; დადასტურდა, რომ იყო მისი ციხიდან გამოყვანის პოლიტიკური მოტივაცია, რათა რამენაირად არეულიყო, ის ყოფილიყო რადიკალური დღის წესრიგის შემქმნელი. ვნახეთ კიდევაც ეს, რომ საბოლოო ჯამში ამ ძალებმა გააერთიანეს ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ორი კრიმინალი, რომლებიც, ორივე, უცხოეთიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის შედეგად არის გარეთ. ორივე შემთხვევაში გვიმტკიცებდნენ უცხოეთიდან, რომ ამ ორი კრიმინალის გარეთ გამოსვლის ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ვხედავთ, მათი დღის წესრიგი რა არის, ისინი თავს ესხმიან სასამართლოს და მართლმსაჯულებას, ისინი თავს ესხმიან იმ კურსს, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მხრივ. ჯერ კიდევ ეს არის ჟურნალი, კინო წინ არის, ვნახავთ ამ ორ რადიკალს, რომ ზუსტად იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა", - აღნიშნა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც იყო მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან. „შემდეგ ვნახეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება. ვნახეთ, რომ მან ვერც კი გაბედა, აეხსნა, რა იყო შეწყალების საფუძველი. ვნახეთ გამოხმაურებები ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იწონებდნენ, როგორც დეპოლარიზაციის ნაწილს და ვხედავთ, სად ვართ ახლა. ახლა ხომ მიხვდა საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი, არანაირი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ეს არ იყო", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, მას „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფუძველზე, სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. სტრასბურგის სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×