რეზონანსი
17.04.2024

ზუსტად ასეთი აგრესიული აქციებისთვის გადაუხადეს გირაო ნიკა მელიას და სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინეს ნიკა გვარამია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„აგრესია იქცა ინსტრუმენტად ახალი პლეადის სამოქალაქო აქტივისტების ხელში. ვხედავთ, რომ აგრესია ჟურნალისტების მიმართ, ძალადობა პოლიციის მიმართ იქცა პირდაპირ იარაღად. ყველაზე ანტიქართული ქმედება სწორედ ამ ჯგუფების ქმედებაა. საქართველოს საპროტესტო მოძრაობების 30- წლიან ისტორიაში, მათ შორის დამოუკიდებლობის მოძრაობის დროს, მთელი ჩვენი სიამაყე იყო ის, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქციები, პროტესტი, თუ მოძრაობები. გუშინ ვნახეთ ნიკა გვარამია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ძალადობისკენ და ფიზიკური კონტაქტისკენ პოლიციასთან. დღეს როდესაც გვესმის მათ შორის მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები ამ [გამჭვირვალობის] კანონთან დაკავშირებით, მახსენდება იმავე ხალხის განცხადება, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. გუშინ მგონი ყველამ იხილა, თუ რამხელა აბსურდი და ფარსი იყო როდესაც ზუსტად ეს ევროპელი პოლიტიკოსები ზეწოლას ახდენდნენ სალომე ზურაბიშვილზე, რომ შეეწყალებინა ნიკა გვარამია. ვნახეთ რაც იყო მიზანი. მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ ნიკა გვარამია, რომელიც შეწყალებულია სწორედ ზეწოლით, ნიკა მელია, რომელიც გირაოთია [გათავისუფლებული], რომელიც ზუსტად იმ ფონდმა გადაუხადა, რომელიც თავის ხარჯებს მალავს, EED-ს ვგულისხმობ, რატომ არიან გარეთ. ზუსტად ასეთი აგრესიული აქციებისთვის გადაუხადეს გირაო, შეაწყალებინეს.

ეს არის ყველაზე ანტიქართული საქციელი. რაც არის ანტიქართული, ის არის ანტიევრპული. ეს უნდა დავიმახსოვროთ. უნდათ, რომ ამოგვიტრიალონ რეალობა და გვითხრან, რომ რაც არის ევროპული, ის არის ქართულიც, სინამდვილეშ რაც არის ქართული, ის არის ევროპული. ასე უნდა შევხედოთ. ფრაზას როდესაც ვამბობთ - ჩვენ ვართ ქართველი და მასაშადამე - ევროპელი, ეს ამას გულისხმობს. უპირველეს ყოვლისა, ვართ ქართველები და ვართ ქართული სახელმწიფო და რაც არის კარგი საქართველოსთვის, ის არის კარგი ჩვენი ევროპული მომავლისთვის და არა პირიქით. რაღაცას ქართულად, ან ანტიქართულად ვერ წარმოგვიჩენენ. ეს ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, რა არის ქართული და რა არის ანტიქართული", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×