რეზონანსი
19.04.2024

რამდენიმე წუთში პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მოუსმინონ. ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით მიდის.

ოპოზიციამ მინისტრი ოჯახში ძალადობის და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით დაიბარა, თუმცა გამჭირვალონის კანონის ინიცირების შემდეგ, ისინი აცხადებენ, რომ ვახტანგ გომელაურთან კითხვები აქვთ 16-17 აპრილის აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ოპოზიცია დისკუსიას ახლა ამ თემაზე ითხოვს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ რეგლამენტით ინტერპელაცია მხოლოდ იმ საკითხზე მსჯელობას ითვალისწინებს, რომელზეც მინისტრია დაბარებული.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პოლიციის წინააღმდეგ წასვლა დანაშაულია.

"რა თქმა უნდა რეგლამენტის მიხედვით არის იმ კითხვებზე საუბარი, რომლის გამოც მინისტრი მოდის პარლამენტში. რაც შეეხება ძალადობაზე საუბარს და პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ვფიქრობ ყველას ახსოვს 26 მაისი და 7 ნოემბერი, როდესაც მართლა არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, დახოცეს ადამიანები და სახურავზე შემოაგდეს. მეორე დღეს კი ზოგიერთმა მომღერალმა და მოცეკვავემ ჯილდო მიიღო სააკაშვილისგან.

მე მაინტერესებს, იმ ხალხის ტირილი მომღერლებს ევროპულ ჰანგებად ესმოდათ? თუ მოცეკვავეებს ტანში ბურძგლავდათ დახოცილი ხალხის ყურებაზე და ამიტომ მიიღეს ჯილდო სააკაშვილისგან? - აი ამიტომ, ამ ხალხისგან ამორალურია ევროპულ ღირებულებაზე საუბარი.

პოლიციელები დაშავდნენ და დაზიანდნენ, ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს ვინც ხელს აწევს პოლიციელზე და წავა კანონის წინააღმდეგ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×