რეზონანსი
28.11.2022

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეში, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარის, როგორც ბრალდებულის, ასევე გარდაცვლილის ნათესავი ფიგურირებს.

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე, კიდევ ერთი ადამიანი, 19 წლის ახალგაზრდა დააკავეს.  37 წლის გელა ისაშვილისთვის თავის, კისრისა და გულმკერდის არეში, მძიმე დაზიანებების მიყენებას, გამოძიება სწორედ მას ედავება.

ახალგაზრდა უკვე პატიმრობაში იმყოფება და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

19 წლის ბიჭის ახლობლები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდამ ახლობლის, 25 წლის გიგა არჯევნიშვილის მკვლელობას თავისი თვალით უყურა და მისი დახმარება სცადა.

„ამ ბიჭისათვის, ისაშვილი უცხო არ არის, პაპის დისშვილია. ეს წესიერი ბავშვია, თავისი თვალით უყურა, როგორ კლავდნენ გიგას და დახმარება სცადა. დანით შეიარაღებული, ჭკუადაკარგული კაცი, როგორ უნდა მოიგერიო, რომ ადამიანი გადაარჩინო? როგორც ვიცი, ბოთლი ჩაარტყა თავში. გარდაცვლილი და ეს ბიჭი, იმ საბედისწერო სუფრაზე ერთად მივიდნენ. იცით, გიგა როგორ უმოწყალოდ იყო დაჩეხილი? სულ ახალ-ახალ ჭრილობებს პოულობდნენ სხეულზე, ბიჭები გაოგნებულები იყვნენ“, - ამბობს ახლობელი.

თავად გელა ისაშვილი, რომელიც მკვლელობის ღამეს, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, რეანიმაციული განყოფილებიდან, უკვე პალატაშია გადაყვანილი და ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მამაკაცს გიგა არჯევნიშვილის მკვლელობისათვის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით, პალატაში წაუყენეს.

ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სასამართლო, ხვალ, სავარაუდოდ, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, გასვლით სხდომაზე იმსჯელებს.

„პრაიმტაიმი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×