ია აბულაშვილი
03.12.2021

პროფესორმა კახაბერ ჯაყელმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ პოლიტმარკეტინგის მიმართულებით ქვეყანა ვერ განვითარდა და მას „გაუნათლებელი ემოციები" მართავს.

„პოლიტიკურ ბაზარზე სიახლე არ არის და ალბათ კარგა ხანს არ იქნება. ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვერ ისწავლეს ქვეყნის განვითარების ერთად დაგეგმვა, ერთმანეთთან კომუნიკაცია. ჩარჩენილები ვართ პრომეთეს მითოლოგიაში, ისევ იმ ძველ ნარატივს ვიმეორებთ, როცა გმირი არის მიჯაჭვული.

სააკაშვილი თავს წამებულ მეფე ლუარსაბს ადარებს, მეფეს, რომელიც ირანის შაჰმა დაატყვევა და წამებით მოკლა. მარკეტინგის კუთხით, ეს საქართველოსთვის ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას ჰგავს - მიშა სააკაშვილის ბრძოლა ეროვნული ბელადის ხატის განსახორციელებლად. მას უნდა, ერის მამისა და წამებულის ფუნქცია იკისროს. ანუ, აქეთ არის მიშა წამებული და ჰყავს თორმეტი მოციქული, იქით არის „ოცნება" - პილატე.

მთავარი ამ ამბავში კი არის ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ერთადერთი მბრძანებელი, ეს არის გაუნათლებელი ემოციები. ამან დაღუპა „ნაციონალური მოძრაობა" და ეს დაღუპავს „ოცნებას".

„ოცნებას" არ ჰყავს კაშკაშა ვარსკვლავები, ძლიერი ლიდერები და ხანდახან მგონია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მიშა სააკაშვილის პოლიტიკური ბრენდი გაეძლიერებინათ. ეს ორი ძალა ერთმანეთს არის შესეული, თანაც ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს და შურისძიებით არიან აღვსილნი. ქვეყანა დაემსგავსა შავ-თეთრ ტელევიზიას, სადაც შავი ფერი არის „ოცნება", თეთრი ფერი და წიქარა არის ის, ვინც ამ ძალას ებრძვის, საზოგადოება კი მრავალსერიიან ფილმს უყურებს და ელოდება, როდის გაიმარჯვებს თეთრი ძალა შავ ძალაზე.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ფიგურებს თუ პოლიტიკურ ძალებს, მიშას დაბრუნებამ ოპოზიციაში მბჟუტავი ვარსკვლავები გადაფარა. და ამ დროს რა ქნან პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამ ორ ძალაზე არიან ჩამოკიდებული, რა ქნან? სხვა ქარი არ ქრის. ასე რომ, 5-7 თვე ეს სიტუცაცია ალბათ შენარჩუნდება. არა მგონია, რომ ვითარება დაიძაბოს, რადგან ჩვენს ხალხს კარგად ახსოვს 90-იანი წლები და გონიერება ეყოფა," - განაცხადა „რეზონანსთან" კახაბერ ჯაყელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×