ელზა პაპოშვილი
22.09.2022

„საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის ჩვენებაში დაწვრილებით ყვება, როგორ დაგეგმა თავდასხმა და როგორ დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობა.  ნარსია ამბობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის მულაჟი ჰქონდა, რომელიც თავად დაამზადა.

ის დეტალურად აღწერს მომხდარს - როგორ მოქმედებდა, როგორ დაარეკინა ბანკის თანამშრომელს უფროსთან, დაავალა ფულის გადაცემა და რა მოხდა შემდეგ.

ნარსია ხსნის, რატომ ითხოვდა ვერტმფრენს, რუსეთის დროშას და ანკესს, ირკვევა, რომ მას განსაზღვრული ჰქონდა გადასულიყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შემდეგ კი რუსეთში.

„ტანსაცმელი შევინახე და ჯიბიდან ამოვიღე ხელყუმბარა. მე ბანკში მყოფმა მომხმარებელმა გოგონამ მითხრა, რომ ორსულად იყო და თან ახლდა ასაკოვანი ქალი, მთხოვეს, რომ გამეშვა, მეც დავთანხმდი და გავუშვი ისინი გარეთ. ხოლო დანარჩენი ბანკში მყოფი პირები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ ბანკში შესასვლელი კარი დავკეტე, მასზე დავამაგრე ჩემს მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მაკეტი-მულიაჟი. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე, რომ ჩემთვის ბანკში არსებული ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს. მე ისინი მეცოტავა, ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსთან დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ.

იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანათ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ორი მილიონი აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული შინაარსის საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი. ვერტმფრენით მინდოდა რომ დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთის და რუსეთის მიმართულებით. ამისათვის მესაჭიროებოდა რუსეთის ფედერაციის დროშა და მას დავამაგრებდი ანკესის ჯოხზე, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთის დროს გამეშალა. სატელეფონო საუბრისას ბანკის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ჩემი მოთხოვნის შესრულებას დრო დასჭირდებოდა. მე ვუთხარი, რომ სამსაათნახევარზე მეტი არ იყო ამისთვის საჭირო და დროულად შეესრულებინათ ჩემი მოთხოვნა.

ამავე დროს, ბანკში მყოფ მძევლებს ვეუბნებოდი, რომ მობილური ტელეფონებით განეხორციელებინათ ე.წ. "ლაივში" ჩართვა, რომ ყველას ენახა, რომ ისინი მძევლად მყავდა აყვანილი ბანკში. აღნიშნულის შემდეგ ბანკის უკანა მხრიდან პოლიციის თანამშრომლებმა მძევლებს ჩემი თანხმობით მიაწოდეს წყალი და სიგარეტი. ამის შემდეგ ბანკის შენობის უკანა მხარეს არსებული ფანჯრის რაფაზე პოლიციის თანამშრომლებმა დააწყვეს რაღაც ფულადი თანხა. მე მათ ერთ-ერთი მძევალი მამაკაცის მეშვეობით გადავეცი, შევამცირე ჩემს მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხა, ნახევარი მილიონით. ანუ სულ მოვითხოვე 1,5 მილიონი აშშ დოლარი.

ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დაიძახეს შენობის უკანა მხრიდან, რომ ჩემთვის მოთხოვნილი ფული ჰქონდათ მოტანილი და მკითხეს, თუ როგორ მოეწოდებინათ. მე მოვითხოვე, რომ ის ფანჯრიდან შემოეყარათ შენობაში. მკითხეს, თუ როგორ მოვახერხებდი ფულის წაღებას. ამავე დროს უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები, მათ გამაკავეს. მე მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა მათ მოახერხეს ჩემი დაკავება. დანა, ხელყუმბარა, პისტოლეტი და სხვა ნივთები რომ არ გამომეყენებინა, წამართვეს. მე სხეულზე მაქვს დაზიანებები, რომელიც მივიღე დაკავების დროს, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს ვუწევდი წინააღმდეგობას, ხოლო ისინი ცდილობდნენ ჩემი წინააღმდეგობის დაძლევას. აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით მე პოლიციის თანამშრომლების მიმართ რაიმე პრეტენზია არ გამაჩნია. მე გულწრფელად ვნანობ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას და გთხოვთ აღნიშნული გაითვალისწინოთ,“ - ამბობს გრიგოლ ნარსია ჩვენებაში.  

პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული  მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე გრიგოლ ნარსიას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს: 

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, „საქართველოს ბანკზე“ ტერორისტული თავდასხმის დროს მიმდინარე სპეცოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებისთვის, რომელიც წარმატებით და მსხვერპლის გარეშე დასრულდა,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.   

ეძებენ თუ არა გრიგოლ ნარსია მეგობარ ქალს, პროკურატურამ გამართულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა. 

„დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ გამოკითხული გვყავს საქმეზე დაკავებულის მეგობარი ქალბატონი. ეძებენ - ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა. უბრალოდ ჩვეულებრივი მოწმის მოძიების და გამოსაკითხად გამოძახების პროცედურები იყო განხორციელებული მასთან მიმართებაში,“ - განაცხადა პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×