ელზა პაპოშვილი
30.04.2023

საქართველოს პროკურატურა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, რომელსაც ათეულობით მოქალაქის მოტყუებას ედავებიან. 22 წლის სულიკო ქართველიშვილი უცხოეთში წასვლის სურვილის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდებოდა და სხვადასხვა ქვეყნის  ვიზების გაკეთებას სთავაზობდა. ახალგაზრდა ნდობაში შესულ მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ მას შეეძლო მათთვის რამდენიმე ათასი ლარის სანაცვლოდ ვიზები ეშოვა, ხოლო თანხის ჩარიცხვის შემდეგ ის უჩინარდებოდა. 

აღმოჩნდა, რომ იგი ყველას სხვადასხვა სახელით და გვარით, სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშების გამოყენებით უკავშირდებოდა. ის მოქალაქეებს ამ თანხებით კრიპტოვალუტას აყიდინებდა, შემდეგ კი ფულთან ერთად ქრებოდა. ხოლო ყალბ ანგარიშებს აუქმებდა. 

სავარაუდოდ, ახალგაზრდას ბევრი დაზარალებული ჰყავს და არ არის გამორიცხული, თაღლითობის მსხვეპლთა რიცხვი გაიზარდოს. 

დაზარალებულ მოქალაქეებს ეჭვი აქვთ, რომ დამნაშავემ ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო და მათი ფულით იმალება. როგორც ცნობილი გახდა, იგი მიმალვამდე ქუთაისში ბებიასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახი ამტკიცებს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, თუ სად არის სულიკო ქართველიშვილი, თუმცა ამბობენ, რომ მან, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა. 

„სოციალურ ქსელში გავიცანით. ამბობდა, რომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ვიზის გაკეთება შეეძლო. ანუ დაგვეხმარებოდა, რომ სამუშაო ვიზა აგვეღო. ყველაფერს დეტალურად გვიყვებოდა და ეჭვიც არ შეგვპარვია, რომ რამეს იტყუებოდა. გვეუბნებოდა, რომ რამდენიმე კვირა იყო საჭირო და რამდენიმე ათასის სანაცვლოდ ამ ვიზას გააკეთებდა. თუმცა, სიფრთხილიდან გამომდინარე, კრიპტოვალუტით უნდა გადაგვეხადა. 

„ვიფიქრეთ, ალბათ ასეა საჭიროო და ვიყიდე კრიპტოვალუტა, რომლის ექაუნთსაც და ელექტრო საფულესაც, სავარაუდოდ, თავადაც  მართავდა. სულ სხვა სახელით და გვარით  გაგვეცნო. რამდენიმე კვირაში საერთოდ გაქრა. მისი კვალი დაიკარგა. აღარც სოციალურ ქსელში ჩანდა და არც ის ნომერი აღარ ჰქონდა, რომელზეც ვუკავშირდებოდით. როგორც გვითხრეს, ჩვენს მსგავსად სხვა ადამიანებიც არიან დაზარალებული“, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ახალგაზრდა, რომელსაც საჯაროდ  ვინაობის გამხელა არ სურს.   

კიდევ ერთი დაზარალებული ამბობს, რომ სულიკო ქართველიშვილი თვეების განმავლობაში დანაშაულს კარგად ფარავდა. ის ძირითადად კრიპტოვალუტით მოვაჭრეებს უკავშირდებოდა და მათ კრიპტოვალუტის შეძენაზე უთანხმდებოდა, რომლის მეშვეობითაც ვიზების დამზადებას შეძლებდა, თანხას კი დაზარალებულებს სწორედ მათ ანგარიშებზე არიცხვინებდა. ამგვარად, ქართველიშვილი კრიპტოვალუტის სახით, ისე რომ საკუთარ ანგარიშს არ ამხელდა, იღებდა და ითვისებდა დიდი ოდენობის თანხებს. 

გარდა ამისა, არსებობს ვერსია, რომ მამაკაცი თანხებს თაღლითურად  საზღვარგარეთიდან ეუფლებოდა. ძებნის ოპერაციის პარალელურად, გამოძიებამ ბრალდებულის სახელზე არსებული ყველა ვირტუალური საფულე და მათზე განთავსებული კრიპტოვალუტა დააყადაღა. გამოძიებასთან ახლა ათობით მსხვერპლი თანამშრომლობს. პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ სულიკო ქართველიშვილს კიდევ სხვა არაერთი ქართველი ჰყავდეს მოტყუებული, ამიტომ, შესაძლოა დაზარალებულთა რაოდენობა რეალურად უფრო მეტი იყოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×