ნაზი ბერიძე
18.05.2023

„დიდი შვიდეულის" მორიგი სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში იწყება, სადაც ლიდერები უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზებს განიხილავენ და ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხებიან. ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე ჩავიდა იაპონიაში. სამიტის მნიშვნელობასა და მიზნებზე „რეზონანსს" პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ესაუბრა.

დიდი შვიდეულის სამიტი მიზნად ისახავს ერთიანობის შექმნას პეკინისა და მოსკოვის გამოწვევების წინააღმდეგ. ლიდერები დიალოგს გამართავენ ჩინეთის გლობალური საფრთხესა და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. დიდი შიდეულის ქვეყნები - შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა და იტალია - ეკონომიკურად მჭიდროდ არიან დაკავშირებული ჩინეთთან, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან და გლობალური წარმოების მთავარ ბაზასთან.

„როიტერზის" ცნობით, სამიტის ერთერთი მთავარი თემაა, როგორ გაუმკლავდება დიდი შვიდეული „დიდი ძალების კონკურენციას" ეკონომიკური კუთხით. გერმანიის სამთავრობო წყაროებიდან ირკვევა, რომ შემუშავდება მრავალი სხვა დეკლარაცია, მათ შორის უკრაინის, ეკონომიკური მდგრადობისა, სასურსათო უსაფრთხოების და სხვა.

ლიდერები ასევე რუსეთზე სანქციების გამკაცრებას გეგმავენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე არსებობს განსხვავებები სტრატეგიაში, თუ როგორ უნდა დასრულდეს კონფლიქტი. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ისაუბროს დიპლომატიურ გზაზე, სანამ არ დაინახავს, როგორ წარიმართება უკრაინის საგაზაფხულო სამხედრო კონტრშეტევა, მიუხედავად იმისა, რომ მის ევროპელ მოკავშირეებს სურთ, რომ კონფლიქტს ჰქონდეს დიპლომატიური გადაწყვეტა. „ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, უკრაინის პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რათა დააჩქარონ მისი გამარჯვება", - წერს „როიტერზი".

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამიტზე, გარდა ტრადიციული თემებისა, განიხილება უკრაინისა და ჩინეთის საკითხები.

„პირველი ალბათ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა განიხილონ ტრადიციული თემები - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური კრიზისების მოგვარება, მაგრამ, ამავე დროს, ასეთი ფორმულირებები ხშირად გამოიყენება პოლიტიკური საკითხებისთვისაც და ბუნებრივია შეერთებული შტატები ეცდება მოახდინოს ამ დიდი შვიდეულის კონსოლიდაცია უკრაინის თემის გარშემო, რომ მათ არ შეანელონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, განსაკუთრებით ახლა, როცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბუნებრივია, დიდი შვიდეულის ლიდერები ცალკე იმსჯელებენ უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე და იქნება კიდევ კონსულტაციები თუ რა სახის დახმარება შეუძლია თითოეულ ამ ქვეყანას, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო ხასიათის, რომ უკრაინამ შეძლოს ამ აგრესიის შეჩერება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის.

„ამერიკის ერთერთი მიზანია შეამციროს ჩინეთის გავლენა გამომდინარე იქედან, რომ ჩინეთი არის მისი კონკურენტი. ბუნებრივია, რუსეთი არ განიხილება ამერიკის საპირწონედ და ერთადერთი, რომელსაც შეუძლია მას მეტოქეობა გაუწიოს, ეს ჩინეთია. ამავე დროს, არ არის ჩინეთი დემოკრატიული ქვეყანა, იქ ისეთივე ავტორიტარიზმია, როგორც რუსეთში. ფაქტია, რომ შეერთებული შტატების შეშფოთებას სწორედ ეს წარმოადგენს, მითუმეტეს დასუსტებული რუსეთის ფონზე. ამ ომის შემდგომ ჩინეთის წონა ერთი-ორად იმატებს.

„ასევე საინტერესო იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ისეთი ალტერნატიული პროექტები, როგორიც არი ბრიქსი, სადაც შედიან დიდი ქვეყნები, რომლებიც ასევე ცდილობენ რუსეთთან ერთად, დასავლური გავლენებისგან გვერდის ავლით, ალტერნატიული ფორმატები შექმნან. ბრიქსის ქვეყნები ცდილობენ, რომ თავიანთ ეროვნულ ვალუტაში ივაჭრონ და არა დოლარში, რაც საყურადღებოა შეერთებული შტატებისთვისაც.

„ყველა ელოდება უკრაინის ომის შედეგებს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო დასავლეთმა როგორც სამხედრო ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ბუნებრივია შედეგი არ იქნება მანამ, სანამ შეტევა არ იქნება. მანამდე, ცხადია, დასავლეთის მხრიდან მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ეს პირიქით ხელს შეუწყობს რუსეთის ინტერესებს და იქნება კოტრპროდუქტიული," - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×