ნაზი ბერიძე
19.05.2023

ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის" ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" სანქციების მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის არ იქნება იმდენად ეფექტური.

„დიდი შვიდეულის" წარმომადგენლებმა, რომლებსაც ამ შაბათ-კვირას შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირობა დადეს, რომ შეზღუდავენ რუსეთში ნებისმიერ ექსპორტს.

„ეს მოიცავს სამრეწველო ტექნიკის, ხელსაწყოების და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტს, რომელსაც რუსეთი იყენებს თავისი საბრძოლო მანქანის აღსადგენად", - ნათქვამია „დიდი შვიდეულის" გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი სანქციები სუსტდება მათი გვერდის ავლით, „დიდი შვიდეულის" ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ იმ ქვეყნებთან, რომელთა გავლითაც სანქცირებული პროდუქტი შესაძელოა რუსეთში მოხვდეს.

ლიდერების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებზე ზედა ზღვრის ნიშნულს შეინარჩუნებენ და გააძლიერებენ ძალისხმევას, რათა არ დაუშვან ამის თავიდან აცილება. გარდა ამისა, ლიდერები ადასტურებენ, რომ მშვიდობა შეუძლებელია უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის სრული და უპირობო გაყვანის გარეშე.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ამბობს რომ სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება პოზიტიური თუ ის მკაცრად იქნება დაცული.

„ჯერ უნდა დავინახოთ, რეალურად რა მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ვიცით, სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღეს ევროკავშირმა, დიდმა შვიდეულმა, ამერიკამ. შედეგი სხვადასხვაგვარი იყო - ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტურად იმუშავა, ზოგიერთში ნაკლებად. პრაქტიკაში უნდა ვნახოთ, რა შეზღუდვები იქნება. ეს ყველა სანქცია ეფექტური იქნება თუ მკაცრად იქნება დაცული და გამოირიცხება სხვა სახელმწიფოს მიერ მისი გვერდის ავლა," - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ყველაზე წარმატებული სანქცია რომელიც რუსეთის მიმართ გატარდა, ეს არის შეზღუდვები ენერგეტიკის სფეროში, თუმცა ზოგადად ნებისმიერი აკრძალვა რუსეთის ეკონომიკის შემცირებას და დასუსტებას იწვევს, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით.

„ბუნებრივია სანქციებს, რომელიც ზღუდავს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს რუსულ ბაზარზე, თავისი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, იმიტომ რომ რუსეთი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებს იყენებს მათ შორის საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების მიზნით. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში შეზღუდვა არის მნიშვნელოვანი.

„მაგრამ მინდა გითხრათ რომ საერთო ჯამში ყველაზე დიდი ეფექტი, რომელმაც გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე, მოიტანა სანქციამ რომელიც შემოღებულ იქნა ენერგეტიკის სფეროში 2022 წლის 5 დეკემბრიდან. მანამდე ევროკავშირის სანქციების 9 პაკეტი იყო შემოღებული და რა თქმა უნდა დაღი დაასვა რუსეთის ეკონომიკის განვითარებას. მაგრამ რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა 2022-ში და მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 2,1 პროცენტით და რატომ? იმიტომ, რომ ნავთობზე და გაზზე გაიზარდა ფასები, 2022 წლის პირველ კვარტალში სანქციების შემოღების შემდეგ და რუსეთმა 90 მილიარდი დოლარით უფრო მეტი შემოსავალი მიიღო ნავთობის და გაზის რეალიზების შედეგად, ვიდრე 2021 წელს და აღნიშნულმა რუსეთი გადაარჩინა 2022 წელს.

„მაგრამ 2023 წელს იქედან გამომდინარე, რომ რუსულ ნავთობს დაუწესეს ზღვრული ფასი, ასევე ევროპამ თითქმის უარი თქვა რუსულ ბუნებრივ აირსა და ნავთობპროდუქტებზე, შესაბამისად უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა გადააჭარბა სამ ტრილიონ რუბლს, რაც არის თითქმის 40 მილიარდი დოლარი, რუსეთმა ნავთობის და გაზის ექსპორტის შემცირების შედეგად მიიღო სადღაც 52%-ით ნაკლები შემოსავალი, ვიდრე ჰქონდა 2022 წელს. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, და ყველაზე დიდი ეფექტი ექნება, მაგრამ რაც შეეხება სანქციებს რომელიც დიდი შვიდეულის ფარგლებში იქნება შემოღებული, ასევე იქნება ეფექტური, მაგრამ არა იმდენად ეფექტური, როგორც ნავთობის და გაზის, ენერგეტიკის სფეროში ამოქმედებული სანქციები," - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×