ნაზი ბერიძე
20.05.2023

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირა რჩება, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსთა უმრავლესობა ერდოგანის გამარჯვებას პროგნოზირებს, თუმცა, ძნელი სათქმელია როგორ განაწილდება არჩევნებიდან გამოთიშლი სხვა 2 კანდიდატის ხმები.

14 მაისს არჩევნების პირველ ტურში ერდოღანმა ხმების 49.50% აიღო, ხოლო ქილიჩდაროღლუმ - 44.89%. მეორე ტურში ამ ორი კანდიდატის მონაწილეობით 28 მაისს შედგება. ამ შედეგების საფუძველზე, ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ქილიჩდაროღლუს გამარჯვება ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა, თუ სიტუაცია ოპოზიციისთვის სასარგებლოდ შეიცვალა, თეორიულად ამის შანსი არსებობს. საქართველოსადმი და რეგიონში თურქეთის პოლიტიკური კურსი ორივე კანდიდატის პირველობის მოპოვების შემთხვევაში უცვლელი დარჩება.

როგორი იქნება ქილიჩდაროღლუს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, თუკი ის პრეზიდენტი გახდება?

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს რომ საქართველო თურქეთის სამოკავშირეო პოლიტიკური ურთიერთობები ყოველთვის იქნება მეგობრული, რადგან თურქეთს საქართველო სჭირდება, როგორც სახმელეთო დერეფანი.

„ერდოღანის დამარცხების შემთხვევაში რეგიონში ბევრი რამე შეიცვლება მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ნაკლებად, იმიტომ რომ საქართველოსთან კარგი ურთიერთობები აქვს თურქეთს და ეს გაგრძელდება.

„თურქეთს სჭირდება კარგი ურთიერთობები საქართველოსთან, იმიტომ რომ ის არის ერთადერთი ხიდი და კარი, რომლითაც ის უკავშირდება თურქულ სამყაროს - აზერბაიჯანს და იქეთ, კასპიის ზღვის გავლით, ყირგიზეთს, ყაზახეთსა და თურქმენეთს. რუსეთი და ირანი მას ასეთ დერეფანს არ მისცემენ.

„მგონია, რომ ერდოღანი გაიმარჯვებს, თუმცა ეს მისი ბოლო გამარჯვება იქნება - უკვე ასაკშია და ამომრჩეველთა 40%-ზე მეტმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

„ქილიჩდაროღლუმ რომ გაიმარჯვოს, თურქეთი უფრო პროევროპული გახდება, უფრო მეტად დემოკრატიული. ქილიჩდაროღლუ დაიწყებს დემოკრატიულ რეფორმებს, დაიწყებს მოლაპარაკებას სომხეთთან, აზერბაიჯანთან ექნება უფრო მეგობრული, მაგრამ მოთხოვნითი პოლიტიკა, რომ აზერბაიჯანმა არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები. ჩვენთვის კი პრეზიდენტობის ეს ორივე კანდიდატი თანაბრად მისაღებია", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძეც ზაქარეიშვილის მოსაზრებას იზიარებს. როგორ მან „რეზონანსს" განუცხადა, თურქეთის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით არ იქნება დრამატულად განსხვავებული ნებისმიერ შემთხვევაში და ის ყოველთვის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მოგვევლინება

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან მცირე შანსია რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და ერდოღანი დამარცხდეს.

„თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამ პარტნიორობას განაპირობებს არა პიროვნებები, არამედ გრძელვადიანი ინტერესები, რომლებიც ორივე ხალხს და ორივე სახელმწიფოს აქვს. ასე რომ, რაიმე დრამატულ ცვლილებებს საქართველოსთან მიმართებაში არ ველი.

„არ მგონია ქილიჩდაროღლუმ გაიმარჯვოს. თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან დიდი უპირატესობა არის ერდოღანის მხარეს", - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×