თამთა ჩაჩანიძე
21.05.2023

რუსები ბახმუტის აღებას ზეიმობენ. „ვაგნერის" ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის განცხადება ქალაქზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა „ვაგნერელებსა" და არმიას ბახმუტის აღება მიულოცა. თუმცა, უკრაინა ქალაქის დაცემას უარყოფს და აცხადებს, რომ ბრძოლა კვლავ გრძელდება. ამას გარდა, რუსებს ზეიმისთვის კიდევ ერთი საბაბი აქვთ - კვირაზე მეტია მედიაში არ გამოჩენილა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ვალერი ჟალუზნი და რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი დაბომბვისას ის ან მძიმედ დაიჭრა, ან დაიღუპა. კიევში ამასაც უარყოფენ.

ქართველ ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს რუსული დეზინფორმაციაა, რადგან ზალუჟნი პატარა ფიგურა არაა და თუკი ის ბრძოლისას დაიღუპა, ან მძიმედ დაიჭრა, ეს ამბავი ამდენი დღის განმავლობაში ვერ დაიმალებოდა. ნაწილი კი ამბობს, რომ თუკი ზალუჟნის დაღუპვის ვერსია სიმართლეს შესაბამება, ეს უკრაინისთვის დიდი დარტყმა იქნება, თუმცა ეს ვერც ფრონტზე და ვერც უკრაინელთა მოსალოდნელ შეტევაზე გავლენას ვერ მოახდენს.

რაც შეეხება ბახმუტს, სამხედრო ექპერტებს უჭირთ იმის თქმა ახლა ქალაქში რა ხდება, თუმცა ამბობენ, რომ სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ იყო.

დაეცა თუ არა ბახმუტი

20 მაისს რუსმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერის" მებრძოლებმა ქალაქი არტიომოვსკი (ბახმუტის რუსული დასახელება) სრულად დაიკავეს და უკრაინული ნაწილები ქალაქიდან განდევნეს.

„ბახმუტის ხორცსაკეპი 224 დღე გრძელდებოდა," - დაწერა შაბათს „ტელეგრამის" საკუთარ არხზე პრიგოჟინმა.

მან მადლობა გადაუხადა რუსეთის არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინს „რთული ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობისთვის" და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „სამშობლოს დაცვის მაღალი პატივისთვის".

„ჩვენ ვიბრძოდით არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბახმუტში, ჩვენ ვიბრძოდით რუსულ ბიუროკრატიასთან," - თქვა პრიგოჟინმა და კვლავ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

გარდა ამისა, პროგოჟის ცნობით, „ვაგნერელები" ქალაქში 25 მაისამდე დარჩებიან, მოაწყობენ თავდაცვის ხაზებს და შემდეგ დატოვებენ ბახმუტს „დასასვენებლად და ძალების მოსაკრებად".

პრიგოჟნის განცხადება 21 მაისის ღამით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. შემდეგ კი კრემლის პრესსამსახურმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მილოცვა გავრცელა, სადაც პუტინი სამხედროებს „ არტიომოვსკის ოპერაციის დასრულებას ულოცავს".

„ვლადიმირ პუტინი არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულებას ულოცავს „ვაგნერის" მოიერიშე რაზმებსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ნაწილს, რომლებმაც საჭირო, მათ შორის ფლანგური მხარდაჭერა უზრუნველყვეს", - ნათქვამია პუტინის პრესსამსახურის განცხადებაში.

რუსულმა მედიამ ბახმუტის აღების დადასტურებად ჩატვალა ასევე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ორაზროვანი განცხადება, რომელიც მან იაპონიაში ვიზიტისას გააკეთა. თუმცა, მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სერგი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკის განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.

„ჟურნალისტის შეკითხვა: რუსებმა განაცხადეს, რომ ბახმუტს აიღეს. პრეზიდენტის (ზელენსკის) პასუხი: ვფიქრობ არა. ამდენად, პრეზიდენტმა უარყო ბახმუტის აღება", - განაცხადა ნიკიფოროვმა.

„ბახმუტი არ დაცემულა - ჩვენი შენაერთები ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დგანან და მას აკონტროლებენ, არ აძლევენ მტერს ქალაქის აღების საშუალებას," - აცხადებს უკრაინის აღმოსავლეთ დაჯგუფების წარმომადგენელი სერგეი ჩერევატი.

ქალაქის დაცემას არც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ადასტურებს, იგი „ტვიტერზე" წერს, რომ ქალაქში მძიმე ბრძოლებია, მაგრამ უკრაინელები მტრის შემოტევებს იგერიებენ. მისივე ცნობით, ბახმუტი უკრაინულ ძალებს ნახევრად ალყაში ჰყავთ მოქცეული.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქალაქში სახარბიელო სიტუაცია არ იყო, თუმცა, მისი თქმით, ბახმუტის აღება ახლა ბევრს აღარაფერს ნიშნავს. ამასთან, ქალაქის ფლანგებზე უკრაინელებმა სტრატეგიული სიმაღლეები უკვე დაიკავეს და „ეს ხაზი უკვე დაჭერილია".

„თვითონ ბახმუტში რა ხდება, ძნელი სათქმელია. ქალაქის შიგნით სახარბიელო სიტუაცია არ იყო. ქალაქი პრაქტიკულად აღარ არსებობს, მოსახლეობა იქ აღარაა და შენობები. გამიძნელდება თქმა უშუალოდ მიწაზე რა მდგომარეობაა. მცირე ნაწილი უკრაინელების ხელში იყო. შეიძლება აიღეს, შეიძლება - არა.

„ახლა ბახმუტის აღება არაფერს ნიშნავს. ამას არანაირი ღირებულება არ აქვს გარდა იმისა, რომ რუსებმა მჯიღი დაირტყან. ამასთან რამდენიმე დღის წინ, უკრაინელებმა ბახმუტის ფლანგებზე პოზიციები გაათავისუფლეს, სიმაღლეები დაიკავეს, ქალაქისკენ გზა გაათავისუფლეს, მაგრამ ქალაქში დამატებითი ძალები არ შეუყვანიათ. ეს ხაზი უკვე დაჭერილია და მის გარშემო იქნება მოვლენების განვითარება.

„შესაძლოა რუსები ხაფანგში მოაქციონ, მაგრამ ბახმუტი უკრაინისთის პრიორიტეტული მიმართულება არაა, შეტევის განხორციელებას სხვა მიმართულებაზე ფიქრობენ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ქალაქის შიგნითა ტერიტორიის 99% რუსებს აღებული ჰქონდათ და გააჩნია უკრაინის ხელისუფლება ბახმუტად რას ჩათვლის.

„ჩემი იფორმაციით, ბახმუტის ძირითადი ნაწილი აიღეს. არ ვიცი რა ხდება გარეუბნებში. მაგალითად, თბილისი ითვლება თუ არა აღებულად თუ, დიღმის ბოლოში არ გაქვს აღებული - დაახლოებით ეს სიტუაციაა. იქ ერთი რაიონია „სამალიოტი" (უკრაინულად „ლიტაკ"), სადაც ბოლო დაპირისპირება მიდიოდა.

„ბახმუტის 99% აღებული იყო და მნიშვნელოვანია ის, თუ უკრაინელები ბახმუტად რას ჩათვლიან. გარეუბნებიც თუ ჩათვალეს, იქ ბრძოლები ჯერ კიდევ მიდის და უკრაინელები ფლანგებზე შეტევას ცდილობენ. თვითონ ქალაქი, ჩემის აზრით, აღებულია, თუმცა, შესაძლოა, რაღაც წინააღმდეგობის კერები კიდევ დარჩა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

რატომ აღარ ჩანს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი

რუსული მედიის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ვალერი ზალუჟნი გაუჩინარდა და „ეს გაუჩინარება განსაკუთრებით შესამჩნევი მას შემდე გახდა, რაც 9 მაისს ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას ვიდეოზარით უნდა ჩართვოდა, თუმცა მისი გამოსვლა უკრაინული მხარის თხოვნით გაუქმდა".

რუსული მედიისვე ცნობით, შესაძლოა ვალერი ზალუჟნი რუსულ დარტყმას ემსხვერპლა, ან დაიჭრა და მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

რუსი სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ბარანეცი საკუთარ ვერსიას ყვება - რომ შეიძლება ზალუჟნი 10 მაისს დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ პავლოგრადზე სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა.

რუსები კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობენ - რომ შესაძლოა ზალუჟნი ავადმყოფობის მიზეზით სიტუაციას თავად ჩამოშორდა, რადგან „ნატოელი პარტნიორები შეტევისკენ უბიძგებდნენ და მთავარსარდალს, როგორც ჩანს, ესმის, რომ მისი ჯარი ამისთვის მზად არ არის".

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კი აღნიშნულს რუსული ფეიკი უწოდა და აღნიშნა, რომ „მეთაური ადგილზეა და თავის საქმეს აკეთებს". როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, ეს რუსეთის საინფორმაციო ომის ნაწილია.

„რუსებმა წამოიწყეს საინფორმაციო ტალღა ჩვენი მეთაურის ვალერი ფედოროვიჩ ზალუჟნის სავარაუდო გაუჩინარების შესახებ. მეთაური ადგილზეა. ის თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ ვისაუბრეთ", - აღნიშნა მალიარმა.

მისივე შეფასებით, ეს არის ოკუპანტების ტიპიური პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის არმიის დემორალიზებას.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზალუჟნიზე გავრცელებული რუსული ვერსიები დიდი ალბათობით დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

„ზოგადად, ორივე მხრიდან ინფორმაციული ომი მიდის, მაგრამ ზალუჟნი ის ფიგურა არაა, რომ თუკი ბრძოლისას დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა, ეს დამალონ. ადრე თუ გვიან ასეთი ინფორმაცია გამოვიდოდა. უფრო დეზინფორმაცია და ფსიქოლოგიური ოპერაციაა, რომ აი, ზალუჟნი, ასეთი დონის მეთაური გავანეიტრალეთ.

„უკრაინს ახლა ძალიან ბევრი კარგი გენერალი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებზე საკმაოდ სერიოზულად უძღვებიან საქმეს. ღმერთმა არ ქნას და ასეთ ფაქტთან რომ გვქონდეს საქმე, ეს მძიმე დანაკარგი იქნება, მაგრამ არა შეუცვლელი, რადგან უკრაინის თავდაცვა ეს ერთ კაცზე - ზალუჟნიზე არაა აწყობილი, ეს სისტემურია.

„ამ ომმა აჩვენა, რომ ბევრი ნიჭიერი და ჭკვიანი მთავარსარდალი ჰყავს უკრაინელებს. შემცვლელი იქნება იგივე უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრ სირსკი, ან თუნდაც სამხრეთის მიმართულების ხელმძღვანელი. უკრაინას უკვე ძალიან გამოცდილი გენერლები ჰყავს. ასე რომ, ეს არაფერს არ შეაფერხებდა, მათ შორის არც დიდ შტევას", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, თუ რუსული ვერსია ვალერი ზალუჟნის დაღუპვასთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამება, ამით უკრაინისათვის კატასტროფული ვითარება არ შეიქმნება.

„ზალუჟნიზე მეც დაახლოებით იგივე ინფორმაცია მაქვს, რასაც მხარეები ავრცელებენ. თუ ცოცხალი აღარაა ან დაჭრილია, ეს, რა თქმა უნდა, ფრონტზე იმომედებს, მაგრამ დღევანდელი შტაბი ერთ კაცზე არაა დამოკიდებული. იქ არიან ზალუჟნის მოადგილეები, სხვადასხვა მიმართულებებსაც თავისი სარდლები ჰყავს და არ მგონია, რომ კატასტროფული ვითარება შეიქმნას. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ თუ ზალუჟნი არა, სხვა გამოჩნდება", - განაცხადა კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×