ნაზი ბერიძე
23.05.2023

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დასაშვებად მიიჩნევს აზერბაიჯანის ტერიტორიული მლიანობის აღიარებას ყარაბაღის ჩათვლით. ორშაბათს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ ოპოზიციაში, თავად ყარაბაღელ სომხებსა და სომხური ეკლესიის უმაღლეს იერარქებს შორისაც კი უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფაშინიანი რეალისტი პოლიტიკოსია, ხოლო მისი მოქმედებები არ გამოიწვევს სომხეთში შეუქცევად არეულობებს.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი იმედოვნებს, რომ სწრაფად მიაღწევს შეთანხმებას აზერბაიჯანთან და ხელს მოაწერს ხელშეკრულებას მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ.

„ჩვენს რესპუბლიკაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია. სომხეთის მთავრობა ამ დაძაბულობის დაძლევის უპირველეს მეთოდად მშვიდობის დღის წესრიგის წინსვლას მიიჩნევს. აზერბაიჯანთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულების ირგვლივ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება მალე მივაღწევთ შეთანხმებას და მოვაწერთ ხელს", - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო და უფრო იხრება ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა დათქმის გარეშე უნდა აღიარონ. ასევე, დიალოგი უნდა შედგეს სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ირგვლივ.

„ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა არის სტრატეგიული გარანტია სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც შესაძლებელია ყველა მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზებით. ეს სულაც არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არის ის, რაც ჩვენს ხალხს სურს და მოელის", - დასძინა ფაშინიანმა.

ამის საპასუხოდ სამშაბათს ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში დე ფაქტო პარლამენტმა საგანგებო რეზოლუცია მიიღო, სადაც მკაცრად გააკრიტიკა პრემიერი ფაშინიანი.

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებამ, რომელშიც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა არცახი (ყარაბაღის სომხური დასახელება) აზერბაიჯანის შემადგენლობაში შეიყვანოს, დიდი აღშფოთება გამოიწვია არცახის რესპუბლიკაში. ფაქტობრივად, მისი ამ ვალდებულებით ნიკოლ ფაშინიანი უხეშად არღვევს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას და კონსტიტუციის დებულებებს არცახის შესახებ. კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1992 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების იმპერატიულ პრინციპს, რომელშიც ნათქვამია, რომ „სომხეთის რესპუბლიკისთვის მიუღებელია ნებისმიერი საერთაშორისო ან შიდა დოკუმენტი, რომელშიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა იქნება ნახსენები არცახის ნაწილად".

„მათ დაადასტურეს, რომ არცახის სტატუსი უკვე განსაზღვრულია 1991 წლის 10 დეკემბრის სახალხო დეკლარაციით და არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს მისი გაუქმების უფლება.

„ჩვენთვის, ნიკოლ ფაშინიანის ნებისმიერი განცხადება, რომელიც იგნორირებას უკეთებს არცახის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ჩვენი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას, და მის საფუძველზე შედგენილი ნებისმიერი დოკუმენტი, არის მიუღებელი და უსარგებლო.

„ამავდროულად, მოვუწოდებთ სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის რესპუბლიკის ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტებს, დაგმონ ნიკოლ ფაშინიანის 2023 წლის 22 მაისის განცხადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს დუმილს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან თანხმობის ნიშნად ჩავთვლით", - ნათქვამია მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ეროვნული ასამბლეის განცხადებაში.

ფაშინიანის განცხადება ასევე დაგმო სომხური ეკლესიის კილიკიის საკათალიკოსომ.

„ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლება არ უნდა შეეწიროს რეგიონშ ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მცდელობებს.

„უნდა ვიყოთ ფრთხილები, შორსმვრეტელები და, რაც მთავარია, ერთიანები. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის განხილვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანების ჩარჩოში დარტყმის ქვეშ დააყენებს არა მხოლოდ ყარაბაღელი ხალხის, არამედ თავად სომხეთის უსაფრთხოებასაც", - ნათქვამია საკათალიკოსოს განცხადებაში.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ფაშინიანის ნაბიჯებს გამართლებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერი ცდილობს გადაარჩინოს ის, რაც აქვს.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ფაშინიანი რეალისტი, ადეკვატური პოლიტიკოსია და კარგად ხედავს იმ გამოწვევებს, რაც არის სომხეთის სახელმწიფოს თავზე. რა თქმა უნდა, სომხეთის სუვერენიტეტს არაფერი ემუქრება, ბევრს ამისიც ეშინია, მაგრამ აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ძალის დემონსტრირება კიდევ გაგრძელდება, თუ სომხეთმა არ იპოვა მასთან საერთო ენა.

„ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ტერიტორია, მთლიანად ჩართულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ლაჩინის დერეფანით უკავშირდებოდა სომხეთს და ამას წინათ აზერბაიჯანმა იქაც განათავსა თავისი საგუშაგო.

„გარდა ამისა, სომხეთის სახელმწიფო საზღვარი დადგენილი არაა აზერბაიჯანთან. ფაშინიანი ადეკვატური პოლიტიკოსია და ხედავს, რომ საჭიროა გადაარჩინოს ის, რაც აქვს და არ გამოეკიდოს იმას, რისი აღებაც შეუძლებელია, როცა ასეთი დამოკიდებულება აქვს აზერბაიჯანს სომხეთთან.

„მე არ მესმის რისი იმედი აქვთ ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს. შანსი, რომ რუსები იქ დიდხანს იქნებიან, მცირეა. შეიძლება კიდევ 5 წელი, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება. ამ ფონზე სომხეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს ესმის, რომ აზრი არ აქვს აზერბაიჯანისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საჭიროა მოლაპარაკება. ამას ამბობს ფაშინიანი - რომ საჭიროა სომხური მოსახლეობის დაცვა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

„ყველაფრის მიუხედავად, სომხეთში შეუქცევად არეულობებს არ ველოდები", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×