ელზა პაპოშვილი
23.10.2023

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. ყველაზე აქტიურად  რუსები კი უტევენ კუპიანსკს, ლიმანს, ავდეევკასა და მარინკას, თუმცა უშედეგოდ.  როგორც ცნობილია, უკრაინელები მათ სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ. 

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთით.ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერთან 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. ლიმანის მიმართულებით  უკრაინელებმა რუსების  10-ზე მეტი თავდასხმა მოვიგერიეს. 

გარდა ამისა, უწყების  ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ზარალს აყენებენ საოკუპაციო ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით. 

უკრაინის გენშტაბი ამბობს, რომ რუსეთი ისევ ცდილობს ალყაში მოაქციოს ავდეევკა, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მტკიცედ იცავენ პოზიციას და მნიშვნელოვან ზარალ აყენებენ მტერს.     

22-23 ოქტომბრის ღამეს უკრაინაში საჰაერო განგაში იყო. თავდაპირველად სარაკეტო საფრთხის გამო განგაში გამოცხადდა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ხერსონისა და ჩერკასის რაიონებში, რასაც მალევე დაემატა კამიკაძეების დრონების დარტყმის საფრთხეც.

სარაკეტო განგაში გამოცხადდა დონეცკისა და ზაპორიჟიეს რეგიონებშიც.

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

საუბარია 13 ერთეულ დრონზე, ასევე, მართვად საჰაერო რაკეტასა და კიდევ ერთ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომლის ტიპიც დადგენილი არ არის. 

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, მტერმა უკრაინას სამხრეთიდან შეუტია, ამავდროულად, სუ-34 თვითმფრინავიდან რაკეტა გასროლილ იქნა ზაპოროჟიეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიის საჰაერო სივრციდან, გაურკვეველი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი კი, სავარაუდოდ ჩრდილოეთ საზღვრიდან გაუშვეს.

„საზენიტო სარაკეტო დანაყოფების, მობილური საცეცხლე ჯგუფების, საჰაერო ძალების ავიაციის წარმატებული საბრძოლო მუშაობის წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, განადგურდა ყველა საჰაერო სამიზნე“, - ნათქვამია რეზიუმეში.

ოკუპანტებმა S-300 რაკეტებით ხარკოვი გვიან ღამით დაბომბეს.  სამოქალაქო ობიექტის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, ახალი ფოსტის ტერმინალზე თავდასხმის შედეგად დაზიანები ობიექტის ერთ-ერთმა თანამშრომელმაც მიიღო, რომელმაც კლინიკაში გადაყვანაზე უარი თქვა, რის გამოც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კი ამბობს, რომ ამ დღეებში რუსეთის დანაკარგები მართლაც შთამბეჭდავია, სწორედ ეს სჭირდება უკრაინას. 

"მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც პოზიციებს იკავებენ და ყოველდღიურად ანადგურებენ ოკუპანტებს. ამ დღეებში რუსეთის დანაკარგები მართლაც შთამბეჭდავია და სწორედ ოკუპანტის დანაკარგები სჭირდება უკრაინას."-წერს ზელენსკი. 

მისივე თქმით, თავდაცვის ძალები ყოველდღე მინიმუმ 500 მეტრით უნდა წავიდნენ წინ.

„მთავარია ფრონტი, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი მოქმედებები, ჩვენი შედეგები, თითოეული მათგანის დახმარება, ვინც ახლა ბრძოლაშია, საბრძოლო პუნქტებზე, პოზიციებზე. უკრაინას ყოველდღე სჭირდება შედეგი - გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს, გაანადგუროს ოკუპანტები და წინ წაიწიოს თუნდ კილომეტრით, თუნდ 500 მეტრით, მაგრამ ყოველდღე წინ უკრაინის პოზიციების გასაუმჯობესებლად, რათა ზეწოლა მოხდეს ოკუპანტებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს აძლიერებს სახელმწიფოს და მთელ მსოფლიოს აძლევს მოტივაციას, რომ უკრაინას დაეხმაროს. „და ეს ადასტურებს, რომ რუსული ტერორი არ იმუშავებს“.

ამასთან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები ვერაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დაარღვიონ უკრაინელების ნება დაიცვან თავიანთი სახელმწიფო და დამოუკიდებლობა, ხალხის მზადყოფნა იმუშაონ თავიანთი სახელმწიფოსთვის, მზადყოფნა იბრძოლონ, ისე, რომ მოსკოვს არასოდეს ჰქონდეს რეალური მიზეზი იმედოვნებდეს, რომ უკრაინა ოდესმე დაიშლება.   

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. როგორც უკრაინული მედია წერს, დახმარებაში უპილოტო საფრენი აპარატები და Gepard-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შედის.

გერმანიამ Gepard-ის საზენიტო სისტემები, დრონები, საბრძოლო მასალა, 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვები და სადაზვერვო თვიმფრინავები უკრაინას ზაფხულშიც გაუგზავნა. 

საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი და ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აჯამებს და ამბობს, რომ ბოლო დღეებია აქტიური შეტაკებები მიმდინარეობს მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, განსაკუთრებით კი შენაკად კონკას აუზში. მისივე თქმით, ბოლო დღეებია უკრაინელები პოიმას სიახლოვეს, ჭაობებში გააქტიურდნენ. რუსები მოგონილ საგმირო ეპოსს აღწერდნენ, თითქოს უკრაინელებმა დიდი რაოდენობით წარუმატებლად შეუტიეს დასახლებას, მაგრამ სინამდვილეში სამხედრო რეიდებთან გვაქვს საქმე. 

„რეალურად, უკრაინელები რამდენიმე წერტილში ცდილობენ სიტუაციისა და მოწინააღმდეგის გამაგრებული პოზიციების შეფასებას, რაზეც რუსები საარტილერიო დარტყმებით პასუხობენ. თუმცა უკრაინელთა დაწოლა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსების სუსტი წერტილის აღმოჩენის ან ფოკუსის ერთი მიმართულებით მიცემით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ წერტილში შეიძლება მართლაც დიდი ძალებით გააქტიურდნენ ისინი. 

„ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით დონეცკის ოლქში ავდიივკაზე იერიშში ჩაბმული რუსული დანაყოფების განეიტრალების ფონზე რუსული დანაკარგები 90%-თაა გაზრდილი. ეს კი დიდი ციფრია. მიუხედავად ამისა, რუსული ქვეითი ნაწილები მაინც ცდილობენ ფლანგურ გადაადგილებას. 

„შეტაკებებია ავდიივკას ინდუსტრიული საყრელის მიმართულებით. მიუხედავად მცდელობისა, რუსებს წინსვლა პრაქტიკულად არ აქვთ. უკრაინელები ხუმრობენ, როდესაც კრემლში შეცდომას უშვებენ გთხოვთ ნუ შეაწყვეტინებთ მათო. ამასთან, ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსების დანაკარგი 150-190 ათასს შორის მერყეობს. საუბარია მოკლულებსა და საბრძოლო მოქმედებებიდან პერმანენტულად გამოთიშულ დაჭრილ სამხედროებზე. თუკი მათ დაშავებულთა რაოდენობასაც მივუმატებთ (რომლებიც ფრონტზე დაბრუნებას ახერხებენ ან უკვე მოახერხეს) მაშინ ეს რიცხვი 290 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს“,-აცხადებს კობერიძე.  

მისივე თქმით, უკრაინელები აქტიურად ბომბავენ ქალაქ დონეცკში მდებარე რუსულ სამეთაურო შტაბებსა და სამხედრო პოზიციებს. ავდიივკაზე რუსული იერიშები სწორედ დონეცკიდან იმართება. უკრაინული არტილერია ბოლო დღეებია ძალიან აქტიურად მუშაობს.

„ზაპოირიჟიას ოლქში რობოტინეს სამხრეთით და აღმოსავლეთით ბოლო 72 საათია შეტევის ხელახალი მცდელობა აქვთ უკრაინელებს. ისინი ნოვოპროკოპივკასა და ვერბოვეს ერთდროულად უტევენ. ვნახოთ ამ ახალი ტემპის შენარჩუნებას შეძლებენ თუ არა უკრაინელები. 

„უკრაინელთა განცხადებით რუმინეთი გახდა უკრაინული ხორბლის მთავარი გამტარი. ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ გამოიკვეთება თუ როგორ პოზიციას დაიჭერს პოლონეთიც.  17 ოქტომბერს ზაპორიჟიას ოლქში, ქალაქი ბერდიანსკისა და ლუგანსკის აეროდრომების მიმართულებით უკრაინული იერიშის შედეგად რა რაოდენობის რუსული ტექნიკა იქნა განადგურებული ჯერ კიდევ დავის საგანია. თუმცა Oryx-ის ვერსიით საუბარია 9 რუსულ შვეულმფრენსა და 15 დაზიანებულზე“,-ამბობს კობერიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×