ელზა პაპოშვილი
25.10.2023

უკრაინის ფრონტის ხაზზე ბრძოლები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ისევ ავდიევკას და ყირიმის მიმართულებაზეა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ რუსები ცდილობენ იქ გააძლიერონ დაცვის ხაზი, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია იზრდება. 

მათი თქმით, ახლა ყველაზე მეტად რუსებს ავდიევკა აშინებთ, რადგან ის ქალაქ დონეცკის მთავარი საყრდენია. თუკი მისი  გარღვევა მოხდება, მაშინ ქალაქს საფრთხე დაემუქრება. ამიტომ რუსები უკრაინელებს შეტევას ასწრებენ და ავდიევკაში კონტრშეტევაზე თავად ცდილობენ გადასვლას. თუმცა ზარალი იმხელაა, რომ მათი დანაკარგები 6 დღის განმავლობაში უკრაინელების 3 თვის დანაკარგს უდრის. თუმცა, ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, ორივე მხარე ბრძოლის ტაქტიკის შეცვლას შეეცდება. 

ამის პარალლეურად კი რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავზე დილის ავიაიერიშის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

„დაახლოებით 07:20 საათზე მტერმა მართვადი ბომბი ჩამოაგდო ქალაქის საცხოვრებელ უბანზე. სახლს დაეცა. სამწუხაროდ, 42 წლის მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო“, - წერს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი.

ბერისლავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ლიტვინოვის ცნობით, საერთო ჯამში, მტერმა დაახლოებით 35 მართვადი ბომბი ესროლა ბერისლავის რაიონის დასახლებულ უბნებს.

რუსი სამხედროები აგრძელებენ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიის კონტროლს ხერსონიდან აზოვისა და შავი ზღვების ჩათვლით. რეგიონი მუდმივი საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა.  

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით კი  რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია და დაზიანდა ატომური ობიექტის ადმინისტრაციული და ლაბორატორიული შენობები.

11-ვე უპილოტო თვითმფრინავი, რომლებიც თავს დაესხა უკრაინას ოთხშაბათს ღამით, ჩამოაგდეს, მაგრამ აფეთქება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა გამოიწვია და16 ადამიანი დაშავდა ხმელნიცკის რეგიონში - განაცხადეს უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ სლავუტასა და ნეტიშინში აფეთქების ტალღამ დააზიანა სახანძრო-სამაშველო განყოფილებები და პოლიციის განყოფილება. დეპარტამენტმა დაზიანებული შენობების ფოტოები გამოაქვეყნა.

ქალაქ სლავუტადან ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურამდე დაახლოებით 17 კილომეტრია, რუსი სამხედროები ამ მიმართულებას ზედიზედ მეოთხე ღამეა უტევენ.

ნეტიშინი კი ატომური ელექტროსადგურიდან სულ რაღაც კილომეტრნახევარში მდებარეობს. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ორივე ქალაქში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა თითქმის 2000 მომხმარებელი.  

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმისთვის ემზადება, "უკრაინა კი არა მარტო დაიცავს თავს, არამედ უპასუხებს რუსეთს" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.  

ზელენსკის თქმით, "მტერმა კარგად იცის", რომ უკრაინა თავდასხმას უპასუხებს. სწორედ ამიტომ, ჯერ ჯერ ყირიმიდან გაიყვანეს ფლოტი, ახლა კი ავიაცია საზღვრებიდან უფრო შორს გადაჰყავთ. 

დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა მოისმინა ინფორმაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ, კუპიანსკსა და ავდიივკაზე, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.  

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მინისტრი სერგეი შოიგუ ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. უწყების განცხადების თანახმად, მინისტრმა "შეამოწმა რუსული ძალების "ვოსტოკის" სამეთაურო პუნქტი სამხრეთ დონეცკის მიმართულებით", ასევე მეთაურობის და შტაბის ოფიცრებისგან მოისმინა მოხსენებები "მიმდინარე ვითარების შესახებ და რუსული ჯარების საბრძოლო მისიების შესრულება ძირითად ტაქტიკურ მიმართულებებში".

გარდა ამისა, შოიგუმ მოისმინა მოხსენებები სამსახურის უფროსებისგან ჯგუფის მზადყოფნის შესახებ ზამთარში ოპერაციებისთვის, მათ შორის სამხედრო პერსონალისთვის გათბობის საშუალებების უზრუნველყოფის თაობაზე.

თავდაცვის მინისტრმა, ნათქვამია განცხადებაში, მოითხოვა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამხედრო მოსამსახურეებს ზამთრის ახალი ფორმებით უზრუნველყოფას და "ზამთრის უნიფორმებისა და იზოლირებული ფეხსაცმლის დამატებითი ოპერატიული რეზერვის" შექმნა.

"ვოსტოკის" ჯარების ჯგუფის ქვედანაყოფები მოქმედებენ დონეცკის ოლქის უგლედარის, სტარომაიორსკოეს და უროჟაინოეს დასახლებების რაიონებში და ასევე ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე.

აგვისტოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს სტარომაიორსკის და უროჟაინის დასახლებები, რომლებიც ე.წ. ვრემევსკის ხაზზე მდებარეობს.  

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რუსულ მედიაში დიდი აურზაური იყო იმაზე, რომ რუსები ავდიევკას შეუტევდნენ და მას აიღებდნენ. ხოლო იგივე მცდელობა რუსულ პროპაგანდისტურ ტელევიზიებს კუპიანსკის მიმართულებაზეც ჰქონდათ, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ. ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსები  ახლა  კონტრდარტყმებს ახორციელებენ  იმ მიმართულებებზე, საიდანაც უკრაინელების შეტევას ელოდებიან.                  

„ავდიევკა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. აქ უკვე ფრონტის ხაზი დიდი ხანია გაჩერებულია. 2022 წლის თებერვლის თავდასხმის დროსაც კი ავდიევკას გარღვევა რუსებმა ვერ შეძლეს. ავდიევკა ძალიან ახლოს არის ქალაქ დონეცკთან, რომელიც უმნიშვნელოვანესი წერტილი და ჰაბია. 

„უკრაინაში ოკუპაციამდე სიდიდით მეორე ქალაქი იყო. ეკონომიკით იყო ასევე ძალიან ძლიერი ქალაქი. რუსებს უნდათ ავდიევკაზე დარტყმებით უკრაინის ძალების თავშეყრა შეჩერონ. ეშინიათ, რომ ავდიევკას მიმართულებით  გარღვევა არ მოხდეს. უკრაინა ბევრ სხვადასხვა მიმართულებებზე აკეთებს დარტყმებს, მაგრამ, სადაც გენერალურ შეტევას აპირებს, იქ გარკვეული სიჩუმეა. 

„ზუსტად ასე ქნეს იზიუმზეც. ჯერ ხერსონთან ხმაურობდნენ  და მერე მოულოდნელად იზიუმში შევიდნენ. ასეთი საფრთხეს რუსი გენერლები უკვე ხედავენ და მიხვდნენ უკრაინელების ტაქტიკას, ამიტომ არის რომ ამ მიმართულებაზე გაძლიერებულ დაცვას აყენებენ. კარგი იმით არის, რომ რუსებს შეტევითი ოპერაციის წარმოება ამ ომში დიდად არ გამოსდით. ძალიან ბევრ კორდინაციას მოითხოვს. 

„თუკი რუსები ასეთ მყარ თავდაცვაში ჩამსხდრები დროს იგებენ, უკრაინას ბევრ უხერხულობას უქმნიან, ასეთი შეტევით უფრო მეტ ზიანს და დანაკარგებს მიიღებენ. ავდიევკას შეტევამ აჩვენა ის, რომ რუსებმა 6დღეში იმაზე ბევრი ტექნიკა დაკარგეს, ვიდრე უკრაინამ სამ თვეში“,-ამბობს პოლკოვნიკი. 

მისივე თქმით, რუსები ახლა არ ფიქრობენ იმაზე, რომ ავდიევკა და კუპიანსკი აიღონ. ბერიძე ამბობს, რომ ამ ტერიტორიებში ამთ უკვე უკრაინელების ძალების კონცენტრირება დაინახეს, ამიტომ მიხვდნენ, რომ ქალაქ დონეცკს საფრთხე შეექმნებოდა. ამ წერტილის გარღვევა რუსებს ძვირი დაუჯდებათ, ამით ცდილობენ შეტევით უკრაინელებს დაასწრონ. პოლკოვნიკი ამბობს, რომ მთელი ეს ომი ასე გაგრძელდება. რუსები ამ რეჟიმში იქნებიან მუდმივად, სადაც დაინახავენ რომ უკრაინელები ძალის კონცენტრაციას ახდენენ, მაშინვე დანაყოფებს იქ გადაიყვანენ.  

„უკრაინა ახლა ციდლობს, რომ რაც შეიძლება რუსების წინააღმდეგ ბევრი რეიდი და დარტყმები განახორციელოს. უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ უკრაინისთვის ყირიმში განლაგებული სამხედრო ინფრასტრუქტურა მთავარი დარტყმის ობიექტია.  

„ამ მიმართულებით ალბათ უკრაინა კიდევ უფრო  გააქტიურდება. თუმცა ვიცით ზამთარი მოდის და ბრძოლა უკვე ჭირს, უკრაინა  შეეცდება, როგორც სამხრეთით, ასევე აღმოსავლეთის ფრონტზე იაქტიურონ. დაბომბოს ყირიმის ტერიტორია წერტილოვნად და ზუსტად. ესთი ბრძოლები იქნება მთელი ამ ზამთრის განმავლობაში, სხვა  რაიმე მკვეთრ ცვლილებებს არ ველი“,-ამბობს ბერიძე.         

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×