ელზა პაპოშვილი
18.12.2023

უკრაინაში ომი გრძელდება - დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში ჩაირთო. რუსულმა ძალებმა 23-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა 60-ზე მეტი აფეთქება. არის მსხვერპლი. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა 6 მიმართულებით წარუმატებელი იერიშები განახორციელეს.

პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ოფისში ნაპოვნია მოწყობილობა ფარული მოსმენისთვის. ტექნიკა აღმოჩენილია არა უშუალოდ ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ სივრცეში, რომელიც "შესაძლოა მომავალში სამუშაოდ გამოეყენებინა“. უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, მოწყობილობა, რომელიც ექსპერტიზისთვის გაიგზავნა, გამორთული იყო და მასში რაიმე ინფორმაცია, ან აუდიოჩანაწერის გადაცემის საშუალება არ აღმოუჩენიათ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კი ამბობს, რომ ქვეყანა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის  ემზადება.   

„ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს საკითხი დგება თითქმის ყოველ შეხვედრაზე, მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებებზე. იქნება მეტი სისტემა, ცის უფრო ძლიერი დაცვა. მოახლოებული დღესასწაულების ფონზე გაგრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა დახმარების მისაღებად. ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა, შესაძლოა, შენელდეს, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ყველა პარტნიორთან, რომლებსაც შეუძლიათ ახლა დაგვეხმარონ და მომავალში მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ." - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვიდეომიმართვაში. 

სკეპტიკური ხმები ძალას იკრებენ, მაგრამ მათი პესიმიზმი საშიში შედეგების მომტანია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოცემა Foreign Affairs-ისთვის დაწერილ სტატიაში ამბობს.

“სკეპტიკური ხმები ძალას იკრებენ. არა დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე ან სამხედრო დაგეგმილ სესიებზე, არამედ უფრო მედიასა და საექსპერტო სფეროში. მათი უმრავლესობა ღიად არ უჭერენ მხარს იმას, რომ უკრაინამ ბრძოლა შეწყვიტოს, მაგრამ მათი ვითომ პრაგმატული არგუმენტებით გამაგრებულ პესიმიზმი საშიში და ყალბი სტრატეგიული შედეგების აშკარა საფრთხეს შეიცავს”, - წერს კულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასეთი პესიმიზმი გაუმართლებელია და შეცდომა იქნებოდა ასეთი განწყობებისთვის უკრაინისთვის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრის შესაძლებლობის მიცემა.

„უკრაინული გამარჯვება სტრატეგიულ მოთმინებასა და ხედვას საჭიროებს - ხოლო გათავისუფლებული მიწის ყოველი მეტრი ჩვენი სამხედროებისგან დიდ მსხვერპლს მოითხოვს - მაგრამ არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ გამარჯვება შესაძლებელია”, - წერს კულება.

მისი თქმით, ომის განმავლობაში რუსეთმა ფსონები ისეთ დონეზე აწია, როდესაც “ნახევრად ზომები” აღარ არის შესაძლებელი.  

ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი კი  ამბობს, რომ  უკრაინა არ დარჩება მხარდაჭერის გარეშე. "მოგეხსენებათ, მე არ ვიყავი ძალიან ოპტიმისტური. მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ გადაწყვეტილების მიღება. და მოხარულნი ვართი ამის გამო", - თქვა კალასმა. 

მან თქვა, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში. უნგრეთმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ევროკავშირის 50-მილიარდიან დახმარებას.

"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება. იყო 26-ის ძლიერი ნება ამ მხარდაჭერისთვის, და იყო სხვადასხვა გზა, თუ როგორ შეგვეძლო ამის გაკეთება. ალბათ, კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება, შესაძლოა იანვარში, ამაზე შეთანხმების მისაღწევად", - თქვა კალასმა.  

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ უკრაინის ომი დროში კიდევ გაიწელება და არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ის მალე დასრულდება. ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სწრაფი წინსვლა ვერცერთი მხარისთვის ვერ იქნება, მითუმეტეს, უკრაინამ უნდა გამოიჩინოს მოთმინება, თუკი მას ამ ომის მოგება სურს.   

„ყველა თანმხდება უკვე იმაზე, რომ საქმე გრძელვადიან ომთან გვაქვს და მოლოდინი არავის აქვს, რომ რაღაცა გარდატეხა ომში დღეს და ხვალ მოხდება. რაც შეეხება მობილიზაციის გამოცხადებას, ვფიქრობ, უკრაინას დააგვიანდა და რატომ ავხსნი - როდესაც ქვეყანა გრძელვადიან ომში იმყოფება, როტაციისთვის, ანუ ჩანაცვლებისთვის უნდა მოემზადო. ფრონტის ხაზიდან გარკვეული დანაყოფები უნდა გამოიყვანო. საშუალება უნდა მისცე, რომ ისინი გადაჯგუფდნენ. ანუ, უნდა გყავდეს ზედმეტი დასვენებული ქვედანაყოფი. კარგია, რომ ეს პრობლემა დაინახეს და ამაზე ფიქრობენ. 

„თუმცა, ამის სწრაფად აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება. უკრაინამ ძალიან მაგრად იბრძოლა, სახელმწიფომ ძალიან დიდ დარტყმებს გაუძლო. არა თუ მოიგერია მტერი,არამედ შეტევაზეც კი გადავიდა, მაგრამ უკრაინას დღეს ეწევა წარსულის პრობლემები, რომელიც ჰქონდათ. რეფორმების არ ჩატარება, რომელიც სამობილიზაციო სისტემას გულისხმობს. მათი მომზადების მეთოდი არის საბჭოური. კომისარიატები, კორუმპირებული გახრწნილი სისტემა, ვერანაირად ვერ იმუშავებს“,-ამბობს ბერიძე. 

მისივე თქმით, უკრაინამ ზურგში აუცილებლად უნდა შექმნას წვრთნის და მომზადების სისტემა. აქ კი გაცილებით იმაზე მეტ ხალხს მოამზადებენ,  ვიდრე ეს სჭირდებათ. პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ ასეთ ომში სჭირდებათ 18, 20 და 25 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. ამ ასაკის ადამიანს დიდ ხანს დატვირთვა შეუძლია.  

„იმისათვის, რომ უკრაინელებმა მობილიზაცია გამოაცხადონ, ასაკი აუცილებლად უნდა შეცვალონ. პირეველი ეტაპი, რაც უნდა გააკეთონ, ახალგაზრდების მომზადება უნდა დაიწყონ. ყველაფერი მოითოხვს ასევე პარტნიორების დახმარებას. სამწუხაროდ უკრაინა 3 და 4 წლიან იტენსიური ომისთვის უნდა მოემზადოს. ამისთვის კი ქვეყნის ახალგაზრდობა უნდა გაწვრთნან. მათ შესაბამისი სახედრო მომზადება უნდა ჰქონდეთ, შიში უნდა დაძლიონ. 

„მათ უნდა შექმნან ქვეყნის ეროვნული სამსახური, რომელიც არის ფინური და ისრაელის მსგავსი მოდელის. ძალიან რთულია ამის გაკეთება ამ დაბომბვის ფონზე, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს. ეს უნდა იყოს ორიენტირებული ტოტალურ თავდაცვაზე გაწვრთნილი ახალგაზრდობა. ამ სიტუაციას მხოლოდ მობილიზაცია ვერ გამოასწორებს, საჭიროა ეროვნული სამსახურის შექმნა. უკრაინას სტანდარტული როტაცია დასჭირდება, ქვედანაყოფი რომელიც ინტენსიურ ბრძოლაშია ის უნდა შეიცავლოს“,-ამბობს ბერიძე.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×