ნაზი ბერიძე
29.01.2024

სომხეთი აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის სწრაფად გაფორმებას სთავაზობს იქამდე, ვიდრე ყოვლისმომცველ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმება მოხერხდება - შესაბამისი ინიციატივით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბაქოს მიმართა.

„ჩვენ ასევე შევთავაზეთ აზერბაიჯანს განეხორციელებინა საზღვრის დემილიტარიზაცია, ასევე იარაღის ურთიერთკონტროლის მექანიზმი და ასევე თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა, თუკი აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, სომხეთი სამშვიდობო დღის წესრიგის ერთგულია და ამ დღის წესრიგიდან არ გადაუხვევს.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, ერევანი თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას ბაქოსთან იმიტომ ჩქარობს, რომ დამატებით ტერიტორიების დაკარგვის ეშინია. აქედან გამომდინარე ხელმოწერილი დოკუმენტი ვითარებას რა თქმა უნდა შეცვლის.

„ეს რა თქმა უნდა შეცვლის ვითარებას. ომი დასრულდა დიდი ხანია და არ არის ხელმოწერილი არცერთი დოკუმენტი გარდა 2020 წლის 9 ნოემბრისა, სადაც რუსეთიც იყო ჩართული. საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ დღეს მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი ელაპარაკებიან ერთმანეთს, არავინ არაა ჩაბმული ამ საბოლოო ვერსიებში.

„ფაშინიანს რა თქმა უნდა, ეშინია, რომ კიდევ არ დაკარგოს ტერიტორიების ნაწილი და კიდევ არ მოუწიოს რაღაც დათმობები. ამიტომ ხმამაღლა რაკი ლაპარაკობს აჩქარებს არა აზერბაიჯანს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. რომელიც დაინტერესებულია მშვიდობაში.

„ფაშინიანი იტყვის, რომ აი, მე ასე ინტენსიურად ვთხოვ აზერბაიჯანს ხელი მოაწეროს დოკუმენტს, აზერბაიჯანი კი დროს წელავს. დაახლოებით ეს არის მისი შეტყობინება მსოფლიოსთვის რომ მე მზადა ვარ და აზერბაიჯანი კიდევ მზად არ არისო.

„პირველ რიგში სომხეთს ეშინია, რომ აზერბაიჯანმა ძალით არ დაიკავოს და გააკონტროლოს ზანგეზურის დერეფანი. ზანგეზურის დერეფანს აზერბაიჯანი ცნობს, როგორც სომხეთის ტერიტორიის ნაწილს, მაგრამ, სურს რომ იმოძრაონ აზერბაიჯანელებმა და თურქებმა შემოწმების გარეშე. ანუ, სომხეთში არის განცდა იმისა, რომ ამ მიმართულებით განხორციელდეს რაღაცა ძალისმიერი ფორმა.

„აქედან გამომდინარე, ის ჩქარობს რათა მსოფლიოს აჩვენოს, რომ მზად არის. დათმო ყველაფერი, აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, ყარაბაღიც აღიარა აზერბაიჯანის ნაწილად. აღარ იბრძვის ყარაბაღში ეთნიკური სომხების უფლებების დაცვაზე, იმიტომ რომ პრაქტიკულად იქ არავინ დარჩა.

„მაგრამ, ვინაიდან აზერბაიჯანი ფეხს ითრევს, ეს რა თქმა უნდა ქმნის განცდას, რომ აზერბაიჯანი კიდევ რაღაცას ამზადებს და ამიტომ არ ჩქარობს ხელიმოწერას", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ თავდაუსხმელობის დოკუმენტზე ხელმოწერა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სომხური საზოგადოებისთვის, რომ დარწმუნდნენ ფაშინიანის ლეგიტიმაციაში და რომ მისი სიტყვა ფასობს.

„ძალიან რთული მდგომარეობაა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე. ვერაფრით ვერ დაიწყეს ამ თემაზე მოლაპარაკება. პრაქტიკულად იქ არის პატარა ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანს დაკავებული აქვს, უკვე მკვიდრად სომხეთის ტერიტორიები. იმისათვის რომ სომხეთს ჰქონდეს მყარი გარანტია, სჭირდება ეს დოკუმენტი. ეს დოკუმენტი არამხოლოდ ვითარებას შეცვლის, არამედ მინიშნება იქნება ერთგვარი თვითონ საკუთრივ სომხეთის მოსახლეობისთვის რომ ფაშინიანის სიტყვა ფასობს და მის ლეგიტიმაციას და პოზიციებს გაამყარებს", - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×