ნაზი ბერიძე
31.01.2024

ისრაელი "ათასობით ტერორისტს" არ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ისრაელი „ჰამასთან" მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას განიხილავს, რომელიც, ასევე, მოიცავს ომში გრძელვადიან პაუზასა და ისრაელის მიერ ტყვედ აყვანილი მებრძოლების დიდი რაოდენობით გათავისუფლებას.

„ეს არ არის კიდევ ერთი რაუნდი, არ არის კიდევ ერთი ოპერაცია. სრული გამარჯვება - ამაზე ნაკლები არაფერი. მე ამის ერთგული ვარ, ჩვენი მებრძოლები ამის ერთგულნი არიან, ხალხის სრული უმრავლესობა ამის ერთგულია. სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით. ღაზის სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ. აქედან არაფერი არ მოხდება, რა მოხდება? სრული გამარჯვება!" , - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტი დასავლეთის მოთხოვნით სამშვიდობო მოლაპარაკებით მოგვარდეს.

„100 დღეზე მეტია მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. ეს დაემსგავსა სახმელეთო სპეცოპერაციას, რადგან ჰამასის წევრები როგორც წესი იმალებიან შენობების ნანგრევებში, სარგებლობენ მიწისქვეშა გვირაბებით და მოულოდნელ პარტიზანულ თავდასხმებს აწყობენ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯავშანჯგუფებზე და ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე.

„ისრაელის ჯარისთვის მთავარია, რომ კონტროლზე აიყვანოს დასახლებული პუნქტები ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, გაანადგუროს გვირაბები, გაანადგუროს რაც შეიძლება მეტი ჰამასის მებრძოლი და ამასთანავე, რა თქმა უნდა, გაათავისუფლოს მძევლები - თითქმის 200-მდე მძევალია დარჩენილი, ღმერთმა ქნას რომ ცოცხლები იყვნენ ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ 7 ოქტომბერს აიყვანეს მძევლად.

„დასავლეთი ითხოვს კულუარულად ისრაელის ხელისუფლებისგან, რომ მან შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკებაზე, რადგან ამ დაპირისპირებას შეიძლება ჰქონდეს ძალიან რთული გაგრძელებები. ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აწყობს, რომ ისრაელმა შეაჩეროს აქტიური საბრძოლო მოქმედებები და მოხდეს დაზავება, დროებითი მაინც ისრაელსა და ჰამასს შორის.

„გასაგებია პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პოზიციაც - უკვე რამდენი ისრაელის მებრძოლი შეეწირა ან დაიჭრა ამ ბრძოლებში. მათ მიაღწიეს გარკვეულ უპირატესობას, აკონტროლებენ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს და ახლა რომ გამოიყვანოს ეს მებრძოლები ღაზას სექტორიდან, გამოდის, რომ ხელახლა დასჭირდებათ ეს ყველაფერი ასაღები",-განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მთავარია კონფლიქტი სამშვიდობო მოლაპარაკებით დასრულდეს.

„ისრაელი ცდილობს, რომ უფრო მეტად შეავიწროვოს ღაზას სექტორი და ამ ოპერაციით ცდილობს რომ დაამთავრებს ამ ომს. რეალურად ის ომს კი არ დაამთავრებს, უფრო მეტად გააღვივებს და გააღრმავებს. საჭიროა მშვიდობიანი გადაწყვეტა და ძალაუფლება ისრაელის ხელშია, ომს ბოლო არ უჩანს და უზარმაზარი სამოქალაქო მსხვერპლია ორივე მხარეს",-განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×