ელზა პაპოშვილი
31.01.2024

ომში მყოფი უკრაინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 1-ელ თებერვალს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში. ისინი სამიტზე იკრიბებიან, სადაც უნდა გაირკვეს 50-მილიარდიანი დახმარების პაკეტის საკითხი. 

ასევე, დიდი მოლოდინი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებაზე. ბაიდენის და ტრამპის შიდა დაპირისპირების ფონზე, რესპუბლიკელები ჯერჯერობით ბლოკავენ უკრაინისთვის დახმარების პაკეტს. შედეგად ფრონტის ხაზზე უკრაინის დროზე დახმარება თუ არ მოხდა, შესაძლოა სიტუაცია დრამატულად განვითარდეს.  

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ნიდერლანდები უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად 122 მილიონ ევროს გამოყოფს.

ევროკავშირის ელჩებმა კი მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის აღდგენისათვის გამოყენებას.

ამასობაში, უკრაინამ და აშშ-მა საერთაშორისო დახმარების გამოყენების კონტროლის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანს საერთაშორისო დახმარების გამოყენების მონიტორინგის გაძლიერება წარმოადგენს.

სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმება კორუფციისა და თაღლითობის გამოსავლენად, დასადასტურებლად და თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს. 

ასევე, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების დასადგენად აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პერიოდული შეხვედრები გაიმართება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა იმედი გამოთქვა, რომ აპრილის ბოლომდე კონტროლის ყველა მექანიზმი სათანადოდ ამოქმედდება.

შეგახსენებთ, 29 იანვარს, ამერიკელი ინსპექტორები აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული დახმარების შესამოწმებლად კიევში ჩავიდნენ. დღეს, კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდიც ეწვია.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა და იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ. იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, რადგან ეს არის ინვესტიცია უსაფრთხოებისთვის.  

2024 წლის დადგომის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში უკვე 330-ზე მეტი რაკეტა და თითქმის 600 დრონი გაუშვა, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ცაზე კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია.

„წლის დასაწყისიდან, რუსეთმა უკრაინის ქალაქებისკენ 330-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით 600 საბრძოლო დრონი გაუშვა. ასეთ ტერორისტულ ზეწოლას რომ გაუძლო, საჭიროა საკმარისად ძლიერი საჰაერო დაცვა. სწორედ ასეთ საჰაერო ფარს ვაშენებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. საჰაერო თავდაცვა და ელექტრონული ომი ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია. რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ - ეს მიღწევადია“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ევროკავშირმა რეალური ზომები უნდა მიიღოს უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით - ნათქვამია გერმანიის კანცლერის, დანიის, ჩეხეთის, ესტონეთის და ნიდერლანდების პრემიერების ერთობლივ წერილში, რომელიც  Financial Times-ზე გამოქვეყნდა. 

ევროპელი ლიდერები ევროკავშირს მიმართავენ და მოუწოდებენ, დროულად გადასცეს კიევს დაპირებული 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი.

"ევროპას სჭირდება კოლექტიური ძალისხმევა უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში შეიარაღებისთვის, რადგან შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოგერიებას.

ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა განაახლონ ძალისხმევა და გააძლიერონ სამხედრო მხარდაჭერა და უნდა გაგრძელდეს კოლექტიური ძალისხმევა“, - აცხადებენ ევროპელი ლიდერები ერთობლივ მიმართვაში.

მათი თქმით, უკრაინის მდგრადი გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერა საერთო ევროპული პასუხისმგებლობაა და მხოლოდ ასე შეძლებს უკრაინა წარმატებით დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.

წარმატების გასაღები უკრაინისთვის დასავლური დახმარების შენარჩუნებაშია - ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან განზე გადგომა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი გამოცემა Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

მისი თქმით, იარაღის მიწოდების შენარჩუნება უკრაინას უფრო ძლიერ მდგომარეობაში ჩააყენებს, თუ სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება.

„ის იძლევა შანსს უკრაინის გრძელვადიანი გამარჯვებისა და რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების უზრუნველსაყოფად; უკრაინა შეძლებს დაიცვას და აღადგინოს სუვერენიტეტი, ხოლო რუსეთს დარჩება პუტინის სისულელეების გრძელვადიან ხარჯებთან გამკლავება. ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან განზე გადგომა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება“, - წერს ბერნსი.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მიიჩნევს, რომ პუტინის ომი რუსეთისთვის უკვე მრავალი თვალსაზრისით მარცხია.  

ჟურნალ „არსენალის“  მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ ომს „დიდი მუცელი“ აქვს, ამიტომ ყოველდღე „ჭამა უნდა“. ალადაშვილი ამბობს, რომ აქ საუბარია სახარჯი მასალის მომარაგებაზე, იგივე ჭურვებზე, ვაზნებზე, ბომბებზე, ნაღმებზე  და ა.შ. ასევე საწვავით მომარაგება და რა თქმა უნდა, ახალი ტექნიკის მიწოდება, რაც საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანდა და აფეთქდა. 

„მუდმივად კვება უნდა ფრონტის ხაზს, ამიტომ, თუკი უკრაინას ის დახმარება შეუწყდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა დასავლეთიდან, საქმე ძალიან გართულდება. რასაც ფრონტის ხაზზე უკრაინა იყენებს, განსაკუთრებით დასავლური წარმოების, მისი საბრძოლო მასალა, ვაზნები, ჭურვები, რა თქმა უნდა, ეს დასავლეთმა უნდა მიწოდოს, რადგან უკრაინაში არ იწარმოება. ეს პრობლემა უკვე არსებობს და კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ არ აღადგინა, პირელ რიგში, ამერიკამ და იგივე ევროპამაც, დახმარების მოცულობას თუ არ მოუმატა.      

ამერიკამ უკრაინას ბოლო დახარება ახალი წლის წინა დღეს მიაწოდა. დაახლოვებით 200 მილიონი იყო. ეს არაფერია იმასთან, რა რაოდენობის თავდასხმასაც რუსეთი ახორციელებს. როცა ფრონტზე გესვრიან, შენც ხომ ანალოგიური პასუხი უნდა გასცე. 

„ამერიკას კი შეუძლია დახმარების გაწევა, მაგრამ კონგრესის გარეშე ვერ შეძლებს. კონგრესის რესპუბლიკელი წევრები კი ტრამპის წინასაარჩევნო პროცესში არიან უკვე ჩართულები. ამიტომ ბაიდენის ხელისუფლებას არ აძლევენ საშუალებას ფრონტის ხაზზე უკრაინას დროული დახმარება გაუწიონ. ამერიკის ეს შიდა დაპირისპირება კი რეალურად უკვე მსოფლიოზე მოქმედებს. უკრაინის დამარცხება მაშინ მათ სინდისზე იქნება, ეს კი ცუდად იმომქდებს, ევროპაზე, ნატოზე და თავად ამერიკაზე“, - ამბობს ალადაშვილი 

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, პირველ რიგში,  დაკარგავენ მსოფლიოში მომხრეებს, რომლებიც აქამდე მიიჩნევდნენ, რომ ამერიკას სხვების დაცვა შეეძლო. თუ რუსეთის აგრესიამ გაიმარჯვა უკრაინაზე, მაშინ სხვა აგრესორებიც დაიწყებენ სამხედრო მოქმედებებს საკუთარი მიზნების მისაღწევად.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×